პატიმრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ხობის რაიონში, სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ვანო მერაბიშვილის განცხადება, მის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.
"მინდა მწუხარება გამოვთქვა 12 ოქტომბერს, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს პოლიციის თანამშრომლის, დავით დემურიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და იმედს გამოვთქვამ, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება მათ ამ მძიმე წუთებში. გარდა ამისა, მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო იმ ოთხ პოლიციელს, რომლებიც ამ ინციდენტის დროს დაშავდნენ.
აქვე მინდა შეშფოთება გამოვთქვა კიდევ ერთი საგანგაშო ფაქტის გამო, როდესაც კრწანისის რაიონში თავდასხმა მოხდა ყოფილ პოლიციელზე, ლეიტენანტ ავთანდილ მახარამოვზე. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ ამნისტირებული პირები, რომელთა დაკავებაშიც წარსულში სწორედ ლეიტენანტი მახარამოვი მონაწილეობდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საკმაოდ საგანგაშო ფაქტია, ვინაიდან თუ თავიდანვე არ იქნა პოლიციელების წინააღმდეგ შურისძიების ფაქტები აღკვეთილი და დამნაშავეები სათანადოდ დასჯილნი, ეს გამოიწვევს ძალადობის კიდევ უფრო მატებას და პოლიციელების დემორალიზებას"- ნათქვამია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში.





