2014 წლის ბიუჯეტი

მელიქიშვილი: ეკონომიკის თვალსაზრისით, 2014 წელი გაცილებით უარესი იქნება

timer.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ეკონომიკის თვალსაზრისით, 2014 წელი 2013-ზე გაცილებით უარესი იქნება. დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ეს ტენდენცია ბიუჯეტის პროექტში გამოიკვეთა.

"მთავრობის მიერ პარლამენტში შემოტანილი ბიუჯეტის პროექტით მთავრობა აღიარებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია და იმყოფება სტაგნაციაში; აღიარების მიუხედავად, მთავრობა არ გეგმავს არაფერს, რაც სამუშაო ადგილების შემდგომ შემცირებასა და ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუარესებას შეეწინააღმდეგება", - თქვა მელიქიშვილმა. 

ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდა გათვლილია 5%-ზე, რაც არარეალურია. 

"ეს არარეალურია, რადგან მიმდინარე წლის 8 თვის ზრდა შეადგენს 1,6%-ს; სამწუხაროდ, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვივარაუდოთ ეკონომიკური ზრდის ასეთი მატება; მთავრობას არ შესწევს გადასახადების მობილიზების უნარი. შესაბამისად, იგი აპირებს 400 მილიონიანი შიდა მაღალპროცენტიანი ვალის აღებას, რასაც ობლიგაციებისა და ფასიანი ქაღალდების გამოცემით ანაცვლებს; ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 3,9%, ევროპული მაჩვენებელი არის 3%, ხოლო წლევანდელი დამტკიცებული არის 2,8%. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ასეთი გაუარესება ნდობას უკარგავს ქვეყნის ეკონომიკას, რაც უარყოფითად აისახება როგორც მოქმედ, ისე პოტენციურ ინვესტორებზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე; არ იწყება არცერთი ახალი სოციალური პროექტი. არცერთი თეთრით არ გაიზრდება პენსია; ინფრასტრუქტურული დანახარჯები მცირდება, რაც პირდაპირ იწვევს უმუშევრობის ზრდას და ინვესტიციების შემცირებას", - თქვა მელიქიშვილმა.

კომენტარები