ირმა ნადირაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილსა და ახალ უმრავლესობას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა შესაბამისი სქემა წარმოადგინა.
ნაციონალური მოძრაობის სქემის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი მუსხელიშვილის მრჩეველი, ვახტანგ ასათიანი საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ქვისლია. ასევე ირაკლი შიხიაშვილის ცოლის დის ქმარია საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის განყოფილების უფროსი ემზარ შუშიაშვილი. იურიდიული მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ოთარ თევდორაძე ინტერფრაქციული უმრავლესობის წევრის ნინო თევდორაძის შვილია. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ გაჩეჩილაძის (შონზოს) ცოლის და, ქეთევან მამუკაშვილი განათლებისა და კულტურის კომისიის წამყვანი სპეციალისტია. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის მთავარი სპეციალისტი ლევან წერეთელი დეპუტატ დავით წერეთლის შვილია.
ირმა ნადირაშვილს საკრებულოში უკვე გამოეხმაურნენ. დედაქალაქის საკრებულოს წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე ვახტანგ ასათიანი, საკრებულოს თავმჯდომარის ქვისლი არ არის. დავით ჯინჭარაძის თქმით, ირმა ნადირაშვილის მიერ დასახელებული დანარჩენი პირები საკრებულოში პროფესიული ნიშნით დანიშნეს, რომლებიც საკუთარ საქმიანობას კარგად ასრულებენ.
დავით ჯინჭარაძის განცხადებით, თავად ირმა ნადირაშვილის მეუღლე ჩუღურეთის რაიონის გამგებელია, რომელიც მანამდე დაცვის სამსახურში მუშაობდა.





