ნინო ბურჯანაძე – 26 მაისი

მერაბიშვილი: სრული უფლება გვქონდა, ნინო ბურჯანაძე პასუხისგებაში მიგვეცა

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც მერაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში ბურჯანაძემ სამარცხვინო განცხადებები გააკეთა. მერაბიშვილის თქმით, ბურჯანაძის და მისი ვაჟის ანზორ ბიწაძის საუბრის ჩანაწერი ავთენტურია და ეს ჩანაწერი სრული სახით დღემდე ინახება შსს-ს არქივში. ყოფილი პრემიერის განცხადებით, არც თავად და არც საქართველოს პრეზიდენტს არასოდეს უთქვამთ, რომ აღნიშნული ჩანაწერი გაყალბებულია.

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ 26 მაისის მოვლენების გამო, რაც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ამ მოვლენების შედეგად მიღებული მსხვერპლის გამო, ისევე როგორც მანამდე, ე.წ. „შეფიცულთა რაზმის“ ჩამოყალიბების გამო, ჩვენ კანონიერი უფლება გვქონდა პასუხისგებაში მიგვეცა ნინო ბურჯანაძე, ისევე როგორც მისი მეუღლე, ბადრი ბიწაძე, რომელიც აღნიშნულ „შეფიცულთა რაზმს“ ხელმძღვანელობდა. თუმცა, ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ნაბიჯის გადადგმისგან, რათა ვინმეს არ ჩაეთვალა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას. 26 მაისის მოვლენებს ნამდვილად მოჰყვა შედეგი, როგორც ამას ქალბატონი ბურჯანაძე აცხადებს - ეს შედეგი იყო გარდაცვლილი ადამიანები, მათ შორის ერთი პოლიციელი, რომლის მკვლელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ „პოლიტიკურ პატიმრად“ შერაცხა. რაც შეეხება ომის დროინდელ მოვლენებს, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს დაუძინებელ მტერთან ვლადიმირ პუტინთან ერთად მოსკოვში საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას დიდ პატივად თვლის, საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში. არც ის არის გასაკვირი, რომ სწორედ რუსეთთან ომის დროს, მისმა მეუღლემ ბადრი ბიწაძემ უარი განაცხადა საბრძოლო მოქმედებებში მას დაქვემდებარებული საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმების ჩართვაზე. შედეგად აღარ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ეს ადამიანი ღიად ეწევა რუსული პოზიციის პროპაგანდას, რომელიც სიცრუეზე და ფაქტების გაყალბებაზე არის აგებული", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ნინო ბურჯანაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ მისი და ანზორ ბიწაძის საუბრის ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერი ფაბრიკაცია იყო და ეს შემდეგ მერაბიშვილმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღიარეს. ჩანაწერი შს სამინისტრომ 2011 წლის მაისის აქციების დროს გამოაქვეყნა.

კომენტარები