საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვას. ალასანია ასევე ამბობს, რომ სახელმწიფო ცხელ გულზე გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს.
”ჩვენ ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების პოზიცია გააჟღერა, რომ ჩვენ დავაკვირდებით, როგორ განხორციელდება მომავალ დღეებში, თვეებში რუსეთის ფედერაციაში ოლიმპიადის სამზადისი და არ გამოვრიცხავ, რომ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებაზე. თუმცა მთავარი ამოცანაა, თუ რატომ დგამს რუსეთი ამ ნაბიჯებს. ჩემი აზრით, მათ უნდათ საქართველო წარმოაჩინონ როგორც ემოციური, იმპულსური, შეუმდგარი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სხვა საშუალება, გარდა იმისა, ემოციურად მიიღოს გადაწყვეტილება ბოიკოტის გამოცხადების კუთხით და ეს გამოცდაც და ეს ტესტიც უნდა გავიაროთ. აქედან გამომდინარე, ცხელ გულზე არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ინტერესების მიხედვით მივიღოთ", - თქვა ირაკლი ალასანიამ.
ალასანიას თქმით, ეროვნულ ინტერესებში არ შედის, რომ საქართველო წარმოჩნდეს, როგორც იმპულსური სახელმწიფო.
"თქვენ ხედავთ, ბოლო პერიოდში რა მოვლენები განვითარდა ჩვენს ირგვლივ, იგივე ჩვენს სამეზობლოში. როგორ აგრესიულად აპირებს რუსეთი ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სახელმწიფოების ჩართვას ევრაზიული კავშირის მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროპაში ვილნიუსის სამიტამდე გვჭირდება სივრცე, რომ წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც შემდგარი ქვეყანა", - თქვა ირაკლი ალასანიამ.
ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, მოწინააღმდეგეს სამხედრო თუ პოლიტიკური ესკალაციის საბაბი არ მისცეს.





