ევროკავშირის დელეგაცია

ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში 29 სექტემბრიდან 1-ლ ოქტომბრამდე იმყოფებოდა.

კომიტეტის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, ასევე პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და პარლამენტარებს. 

კომიტეტის წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).

ევროკავშირის დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ გადაადგილების შემზღუდავი ღობეებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვასა და ადგილობრივ მოსახლეობაზე მათ გავლენასთან დაკავშირებით. კომიტეტის წარმომადგენლებმა კვლავ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

კომიტეტის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების / ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის წევრობა საბაჟო კავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი მიესალმება დღეისთვის მიღწეულ პროგრესს და მოუწოდებს საქართველოს -  განაგრძოს რეფორმების გზა, უფრო გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა, ასევე გაუმკლავდეს დარჩენილ გამოწვევებს. კომიტეტმა გამოთქვა მოლოდინი, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) აერთიანებს 28 ელჩს ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოსა და ევროპული საგარეო სამსახურის წარმომადგენლებს.

კომენტარები