დღეს ქართული ეკონომიკა ნაციონალური შოკიდან გამოდის. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საპასუხოდ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ 27 სექტემბერს რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობასთან კითხვები ჰქონდა. "მაქვს კითხვები ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით. დღეს მე ვისმენ ძალიან დამაჯერებელ არგუმენტებს და ანალიზს იმის თაობაზე, რომ განვლილი სამი კვარტლის განმავლობაში მეტი ტემპით ეკონომიკის ზრდა შეუძლებელი იყო. მაქვს კითხვა, შარშან დეკემბერში, როდესაც 6%-იანი ზრდა დაიგეგმა, მაშინ ეს პრობლემები ცნობილი არ იყო მთავრობისთვის? ვერ დაინახეს? ვერ განჭვრიტეს?" - განაცხადა უსუფაშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს ღრმა ფესვები აქვს. "საქართველოს ეკონომიკაში პრობლემები გასულ წელს შეიქმნა. ბიზნესი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ოფიციალურად დარეკეტებული იყო და ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რომ გამოსწორდეს. გარდა ამისა, სახელმწიფომ შეწყვიტა უაზრო პროექტების დაფინანსება და ეს თანხები მოხმარდა სოციალური ვალდებულებების ზრდას და შესრულებას. ასე რომ, ყველა კითხვაზე არსებობს ძალიან არგუმენტირებული პასუხი", - განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ეს წლის ბოლოს გამოჩნდება.





