რადოსლავ სიკორსკი

რადოსლავ შიკორსკი: ეჭვი არ მეპარება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, არც პოლონეთი და არც ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

"ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორულ მთლიანობას. იმედი გვაქვს, რომ საქართველო და რუსეთი მოაგვარებენ აზრთა სხვადასხვაობას. რასაკვირველია, ჩვენ ვგმობთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საზღვრების გავლების პროცესს. მოხარულები ვართ, რომ თქვენ ხართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები და დათანხმდით რუსეთის გაწევრიანებას ამ სტრუქტურაში. იმედი გვაქვს, რომ სავაჭრო და სხვა კავშირები რუსეთთან მოგვარდება ახალი პრემიერის ხელშეწყობით. ჩვენ არ გვჯერა, რომ თქვენი გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დამოკიდებულია სხვა, მესამე ქვეყნის ნებაზე. ასე რომ, თქვენ სწორი მიმართულებით მოქმედებთ და ჩვენ აუცილებლად გავუსვამთ იმას ხაზს, რომ თქვენ მოგეცეთ შანსი, ხელი მოაწეროთ ამ შეთანხმებას", - განაცხადა სიკორსკიმ ნიუ იორკში. მისივე თქმით, ძალიან აფასებს საქართველოს საზოგადოებისა და მთავრობის სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ.

"წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის მოდერნიზებისთვის და ახალი მთავრობაც საკმაოდ წარმატებულად აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე გაფორმდეს. რამდენიმე კვირის წინ მე ვესაუბრე ბატონ პრემიერმინისტრს და არ მეპარება ეჭვი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის ძალიან ნაცნობია რთული კოაბიტაციის ცნება, "როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. მაგრამ რაშია პოლონეთის წარმატება? მიუხედავად ამ რთული კოაბიტაციისა, თითოეული მხარე ყველაფერს აკეთებდა, რომ დასავლურ სტრუქტურებში გავწევრიანებულიყავით. ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოს დღეს საქართველომ", - აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.

კომენტარები