ევროპის სახალხო პარტია

უსუფაშვილი: EPP საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.
მხარეებმა ისაუბრეს არჩევნების წინ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დელეგაციის წევრებს ჰქონდათ კითხვები - პოლიტიკურად რამდენად მიუკერძოებელია საქართველოში მართლმსაჯულება, პროკურატურა თუ პოლიცია, რაზეც ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. 

"შეხვედრამ ჩაიარა ძალიან საქმიან, მეგობრულ ატმოსფეროში. თუ შევადარებთ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების განწყობებს თუ განცხადებებს რამდენიმე თვის წინ და დღეს, ეს არის სრულიად სხვადასხვა მოვლენა. ეს იმის შედეგია, რომ რეალობას ყველა ხედავს. პრობლემები საქართველოში რომ არის -  ამას არავინ უარყოფს, არც ჩვენ. მაგრამ იმას, რომ მონდომებული ვართ ამ პრობლემების მოგვარებისთვის და ევროპული არჩევანი ჩვენი არჩევანია -  ყველა ხვდება. უკვე ჩვენი ევროპელი კოლეგები ევროპის სახალხო პარტიიდანაც რწმუნდებიან იმაში, რომ საქართველო წინ მიდის. ეს ძალიან სასიხარულოა. მათ დაგვიდასტურეს სრული მხარდაჭერა ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიერ ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ევროპის სახალხო პარტია თანადგომას უცხადებს საქართველოს შემდგომ ეტაპზეც, როდესაც უკვე დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს სხვადასხვა დოკუმენტზე ხელმოწერა", - აცხადებს უსუფაშვილი.

ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია დღეს ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. 

 

კომენტარები