მოლდოვა

მოლდოვის პრემიერმა დნესტრისპირეთის ლიდერთან მოლაპარაკებები გამართა

esp.md

მოლდოვის პრემიერმინისტრი იური ლიანკე დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ევგენი შევჩუკს პირველად შეხვდა. მხარეებმა დნესტრისპირეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. მათ ასევე გამართეს მოლაპარაკებები ეკონომიკური თანამშრომლობისა და მოლდოვის მიერ ახლო მომავალში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

მოლდოვის პრემიერის თქმით, მოლდოვის შემადგენლობაში სეპარატისტული რეგიონის პოლიტიკური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებისთვის კიშინიოვი მზადაა.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონა ქმნის საფუძველს ცივილიზებული, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროკავშირში მაღალი მსყიდველობითი უნარის 500 მილიონი მომხმარებელია. დარწმუნებული ვარ, კიშინიოვი და ტირასპოლი ამ შეთანხმებით თანაბრად არიან დაინტერესებული", - თქვა მოლდოვის პრემიერმინისტრმა.

ევგენი შევჩუკის თქმით კი, "არ არის საიდუმლო, რომ დნესტრისპირეთის საგარეო ვაჭრობა და კომპანიები მოლდოვის სახელმწიფო დაწესებულებებთან არიან დაკავშირებული. შესაბამისად, ეკონომიკური წესების ცვლილება ჩვენს კომპანიებზე აისახება. ჩვენ სერიოზულად ვღელავთ იმაზე, როგორ აისახება ცვლილებები საგარეო ვაჭრობაში ჩვენს ინტერესებზე. ვფიქრობ, ყველა დეტალის გათვალისწინების გარეშე ამას, შესაძლოა, კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის ურთიერთობების გაუარესება მოჰყვეს", - ამბობს შევჩუკი.

კომენტარები