გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია

მარგველაშვილი EPP-ის დელეგაციას შეხვდა

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია (EPP) მიიღო. 
მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.

"დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი ჩვენს იმედს, რომ ევროპელი პარტნიორები იქნებიან უაღრესად აქტიურები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ დიცში და სხვა საზღვრისპირა რეგიონებში. ასევე, ვისაუბრეთ ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ, რაც იქ მცხოვრებლებს ექმნებათ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შეხვედრაზე გავცვალეთ პოზიციები და შევთანხმდით, რომ მომავალშიც გვექნება ინტენსიური დიალოგი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტის გუნარ ჰოკმარკის თქმით კი, შეხვედრაზე მხარეებმა თემები ორი მიმართულებით განიხილეს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ყოველთვის მივესალმებით და ვხედავთ საქართველოს, როგორც ფართო ევროპული საზოგადოების ნაწილს. მეორე, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება იმის თაობაზე თუ როგორ ხდება მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში. ასევე, წამოვწიეთ ჩვენთვის საინტერესო სხვა საკითხებიც. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი წუხილი არ უნდა იყოს აღქმული დაბრკოლებად, რადგან გვინდა, რომ საქართველოში ნებისმიერმა ხელისუფლებამ აიცილოს თავიდან მსგავსი პრობლემები. გვსურს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი საზოგადოების ქვეყანა, სადაც არსებობს კანონის უზენაესობა და სწორედ ამიტომ, ჩვენ წინ ვწევთ ამ საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ მოუსმინოს და გაითვალისწინოს მათი საერთაშორისო მეგობრების რჩევები", - განაცხადა გუნარ ჰოკმარკმა მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით.

დღესვე, ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მატეო მეკაჩის შეხვდა. კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საარჩევნო პროცესი. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის. კოალიციის კანდიდატის თქმით, საარჩევნო კამპანია რადიკალურად განსხვავდება გასული წლის საარჩევნო პროცესისგან და ქართული ოცნება დაინტერესებულია, რომ არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს .

 

კომენტარები