პარლამენტმა პრემიერმინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა 112 ხმით არცერთის წინააღმდეგ - პირველი მოსმენით მიიღო. პროექტს მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, საკითხი მთავრობასთან მიმართებით პარლამენტის როლის გაძლიერებას უწყობს ხელს და უმცირესობა მომავალშიც მზად არის, ყველა ასეთ საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭიროს მხარი. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით კი, კონსტიტუცია არცერთი პარტიის დოკუმენტი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.
საკანონსტიტუციო ინიციატივით, პრემიერმინისტრს ის უფლებამოსილება ჩამოერთმევა, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს - პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს "მიაბას". პროექტის მიხედვითვე, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება.





