ბომბის შესახებ შეტყობინება

ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა. 89 ხმით ერთხმად -  ცრუ შეტყობინებებთან დაკავშირებით მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც. 

პროექტის მიხედვით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით, ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე იქნება განსაზღვრული.

დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა "112"-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის. ამ მიმართულებით კი, სპეციალური მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება. კერძოდ, "112"-ის გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გასაკეთებლად, ასევე, აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ერთსა და იმავე მოვლენასთან დაკავშირებით, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, "112"-ის გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით, ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რომელსაც შედეგად მოჰყვა შესაბამისი ექსტრემალური სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილზე გასვლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.

კანონმდებლობით სანქციების გამკაცრების პარალელურად, ზუსტდება, რომ "112"-ის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე უწყვეტი ერთი საათის განმავლობაში ათი ან მეტი შეტყობინების განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინების ინიციატორი აზუსტებს, ავსებს ან აკონკრეტებს გადაუდებელი დახმარების საჭიროებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება დღის წესრიგში, ბოლო პერიოდში გახშირებული ანონიმური ზარების შემდეგ დადგა.

კომენტარები