ოკუპირებული ტერიტორიები

ჯალაღანია: ცხინვალის რეჟიმის დადგენილება ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილება

დავით ჯალაღანია / News.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ინფორმაციით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას - 18 სექტემბრიდან ახალგორის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე - ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილავენ. ჯალაღანიას თქმით, ცხინვალის ეს გადაწყვეტილება არის იმ უკანონობის გაგრძელება, რომელსაც მუდმივად აქვს ადგილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"ეს არის მორიგი ძალზე მძიმე გადაწყვეტილება, თუკი ეს განხორციელდება", - განაცხადა ჯალაღანიამ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი არის საგარეო უწყების და მთლიანად მთავრობის ყურადღების ქვეშ. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საკითხზე ჟენევის თანათავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტისას ისაუბრეს და საგარეო უწყებამ მათ თხოვნით მიმართა - ეს საკითხი ცხინვალში სტუმრობისას დაეყენებინათ.

"ეს ჟენევის თანათავმჯდომარეებმა გააკეთეს. ჩვენ 5-6 ნოემბერს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზეც განვიხილავთ ამ საკითხს, თუკი აკრძალვა ნამდვილად განხორციელდა", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

ცნობისთვის, დაახლოებით ორი თვის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 18 სექტემბრიდან საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, მოსაბრუნში, პერევსა და სინაგურში უკანონოდ შექმნილ გამშვებ პუნქტებში შეწყდება ყოველგვარი ტრანსპორტის გადაადგილება. ადგილობრივ მოსახლეობას ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ფეხით მოუწევს. ასევე, აიკრძალება ტვირთების გადაზიდვა. მკაცრად გაკონტროლდება პირადი ბარგის გადატანა, თითოეულ პირს 50 კგ-ის ოდენობის ტვირთის გადატანის უფლება ექნება. ხელბარგის ღირებულება კი, 65 ათას რუბლს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესდება საკვები პროდუქტების გარკვეულ კატეგორიაზე.

კომენტარები