საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლატვიურ ტელეგრაფთან საუბარში თქვა, რომ საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია, რადგან ხალხს არც არჩევანის გაკეთება შეუძლია და არც არჩეულთა გაკონტროლება.
"მე დავეხმარები საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ანალიზის გაკეთებაში, გონივრულად და არა - ემოციურად მოქმედებაში. საზოგადოებასთან ერთად გამოვიმუშავებთ მექანიზმს, როგორც შევაფასოთ სიტუაცია სწორად. ეს არ არის მარტივი, რადგან 200 წელია ჩვენ საკუთარი ქვეყანა არ გვიმართავს", - ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თავიდანვე აღნიშნა, რომ 2-3 წელიწადში პოლიტიკიდან წავიდოდა.
"ხალხი გულდაწყვეტილია ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ როგორც კი პოლიტიკაში მოვედი, პირველი რაც განვაცხადე, ვთქვი, რომ პოლიტიკიდან ორ, მაქსიმუმ სამ წელიწადში წავიდოდი და საზოგადოების განვითარებით დავკავდებოდი. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აქტიური მოქალაქე ვიქნები. საქართველოს ყველა პრეზიდენტი ერთმანეთზე უარესი იყო. ერთი მმართველობის დროს ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო, მეორე რევოლუციის შედეგად შეცვალეს, მესამე კი ამ ორზე უარესია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმინისტრმა ლატვიურ ტელეგრაფთან ინტერვიუში მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზიც განმარტა.
"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვამბობდი, რომ პოლიტიკა ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა და არ მიყვარდა ის, მაგრამ იძულებული ვიყავი მოვსულიყავი. მე ერთადერთი თავისუფალი ადამიანი ვრჩებოდი, დათვლილი დღეები მქონდა - საქართველო უნდა დამეტოვებინა, რადგან იქ დარჩენა სახიფათო იყო. მაგრამ გამგზავრებამდე სამი დღით ადრე, გადავწყვიტე, რომ ქვეყნის დატოვება ჩემი მხრიდან სამარცხვინო იქნებოდა და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ბიზნესი იმხანად სრულად კონტროლირდებოდა, ოპოზიცია გაჩანაგებული იყო, სხვებს დაფინანსება არ ჰქონდათ, რადგან არავის რთავდნენ მათი დახმარების ნებას. როცა პოლიტიკაში მოვედი, მთავარი ის კი არ იყო, რომ ფული მქონდა, არამედ ის, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ავტორიტეტით ვსარგებლობდი და ეს მომენტი უნდა გამომეყენებინა", - თქვა ივანიშვილმა.





