ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, ევრაზიული კავშირის თაობაზე კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, მისი თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ. როგორც პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლსკიმ აღნიშნა, თუ ევრაზიული კავშირი წინააღმდეგობაში არ იქნება საქართველოს ინტეგრაციასთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მაშინ შესაძლოა ეს თემა განიხილონ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღესდღეობით ეს თემა აქტუალური არ არის.
"უნდა დასრულდეს მართვის ისტერიული პრაქტიკა. არ შეიძლება კატეგორიული ლაპარაკი და პოლიტიკის სპეკულირება, როცა რაიმე გლობალური პროცესის დახასიათება გვსურს. არ შეიძლება კატეგორიული იყო მაშინ, როდესაც შესაძლოა ხვალ თუ არა ზეგ, ზეგ თუ არა მაზეგ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის დასჭირდეს რაღაც გარკვეული საკითხის განხილვა", - აცხადებს გია ვოლსკი. მისივე თქმით, ევრაზიული კავშირი არ შეიძლება დაუკავშირდეს პუტინის პიროვნებას და ამ თემით ხდებოდეს სპეკულირება, მაშინ როცა საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 4 სექტემბრის პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება და სწავლობს ევრაზიის კავშირის საკითხს. ივანიშვილის თქმით, ჯერჯერობით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე პოზიცია არ აქვს.
"ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ ამ საკითხს. ჯერჯერობით, არანაირი პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის იქნება კარგი, რატომაც არა", - აღნიშნა პრემიერმა.
მის ამ განცხადებას ოპონენტების მხრიდან მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც, ივანიშვილმა მეორე დღეს განმარტება გააკეთა.
"თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?! საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ მოვაწესრიგოთ ეს ურთიერთობები ყველასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც. კიდევ ერთხელ ვაცხადებ უკვე ათასჯერ გაცხადებულ ქვეყნის ძირითად სტრატეგიას - ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას საქართველოსთვის ალტერნატივა არა აქვს - ეს ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედია", - განაცხადა პრემიერმა.





