ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: პერსპექტივაში რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება და ნატოსიც

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის აზრით, პერსპექტივაში რუსეთი ევროკავშირის და ნატო-ს წევრი გახდება. როგორც ივანიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, გლობალურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება.

"ჩემი აზრით, ახლოში არა, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება (ვერსად ვერ წავა, ახლოს არიან და ქვეყნებს ერთმანეთი სჭირდებათ), ნატო-ს წევრიც გახდება და ახლო მეგობარი გახდება ამერიკის... ყველაფერი იცვლება გლობალურ პოლიტიკაში, დღევანდელი მტრები ხვალ მეგობრები არიან და პირიქით. აბა, ნახეთ - რუსეთი და გერმანია დღეს საუკეთესოდ მეგობრობენ. აბა, ნახეთ, რამდენი წელიწადი გავიდა? და როგორი სიტუაცია იყო - მსოფლიო ომი და როგორი ომი თანაც", - ამბობს პრემიერი.

რაც შეეხება საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს მხოლოდ შესწავლის შემდეგ, მაშინ არის შესაძლებელი, როცა დაინახავს, რომ აღნიშნული გაერთიანება საეჭვო აღარ არის და ქვეყნისთვის მხოლოდ საინტერესო და სასარგებლოა.

"მე არასდროს არ გავხდი ჩვენს ქვეყანას საცდელად და გამოსაცდელად! ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რა გვინდა და რას ვაკეთებთ. შესაბამისად, ჩვენ ვუყურებთ, თვალყურს ვადევნებთ და ვსწავლობთ, თუ რა არის ეს (ევრაზიული კავშირი) და რას ნიშნავს ეს ყველაფერი", - აღნიშნა ივანიშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტ კობა ლიკლიკაძესთან საუბრისას.

კომენტარები