ნატო-საქართველო

ბათუმს ნატო-ს გემები სტუმრობენ

ITAR-TASS

ბათუმს ე.წ „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, ნატო-ს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2–ის გემები – ორი გერმანული და ერთი თურქული გამნაღმველი ფრეგატი ეწვია. დახვედრის ცერემონიალს შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური დაესწრო და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გამოსვლის დროს მან საქართველო–ნატოს ურთიერთობაში დღევანდელი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო-ს საზღვაო სარდლობის საქართველოში ვიზიტი წელს პირველად შედგა. ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ნატო–საქართველოს მჭიდრო პარტნიორობაზე და ნატოს ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე. შს სამინისტროს ინფორმაციით,„საპორტო ვიზიტი“ საქართველო-ნატო -ს პარტნიორობის ისტორიის მანძილზე პირველად ხორციელდება და მიზნად ნატო-ს პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას ისახავს.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ გერმანული საფლაგმანო გემი MOSEL-ი დაათვალიერა. ასევე მოეწყო პრესტური, სადაც მედიის წარმომადგენლებს გემების ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში, გემის ეკიპაჟები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალების საზღვაო მყვინთავებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ზღვის ფსკერზე ჩაატარებენ. ასევე დაგეგმილია ხანძარსაწინააღმდეგო თეორიული წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ქალაქის შესაბამისი სამსახურები მიიღებენ. გარდა ამისა, ნატო–ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, კომოდორე (ადმირალი) არიან მაინდერჰუდი შეხვედრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობასთან და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან გამართავს.

 

კომენტარები