საზოგადოებრივი მაუწყებელი

აქციაზე ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის საკითხის დაყენებას აპროტესტებენ

გიორგი ბარათაშვილი
Media.ge / Media.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია აქციას მართავს. ორგანიზაციის წევრები და სტუდენტები მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას აპროტესტებენ. 

ასოციაციის თავმჯდომარის, ლექსო კობაიძის, თქმით, წინასაარჩევნოდ ანალოგიური ქმედებები საბოტაჟის მცდელობაა და ბორდს საშუალება არ უნდა მიეცეს, რომ მაუწყებელი ძველ სარედაქციო პოლიტიკას დაუბრუნდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ პოლიტიკას მხარს უჭერენ და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, მიმართ უნდობლობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. საბჭოს ერთ-ერთი წევრის, გიორგი მელაძის, თქმით, სამეურვეო საბჭო ბოლო სამი თვეა აქტიურად ცდილობს, მენეჯმენტისგან გაიგოს სამომავლო გეგმები, რომლებიც ტელევიზიის ბედზე გავლენას ახდენს.

”ეს არის დაკავშირებული ფინანსურ საკითხებთან, ეს არის დაკავშირებული პროგრამულ საკითხებთან, სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა. ჩვენ მიერ გაცხადდა კიდეც უკვე რამდენჯერმე ღია წერილებით, რომლებიც გამოვაქვეყნეთ და საზოგადოებას ავუხსენით არსებული სიტუაცია. არის გაურკვევლობები, რაზეც მენეჯმენტისგან არსებობს პასუხი, რომ პრინციპში ყველანაირი პრობლემა გადალახვადია. თუმცა, ჩვენ დღემდე არ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა იმ კრიზისული ვითარების დასაძლევად, რისთვისაც თუნდაც თვითონ ბატონი ბარათაშვილი იყო დანიშნული.” - ამბობს მელაძე.

კომენტარები