ევრაზიული კავშირი

პრემიერი ევრაზიული კავშირის შესახებ განმარტებას აკეთებს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევრაზიული კავშირის შესახებ განმარტებას აკეთებს. ივანიშვილის განცხადებით, გააკვირვა ევრაზიულ კავშირზე მისი პასუხის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა. პრემიერის თქმით, ბუნებრივია, რომ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენელს აწყობს ამით მანიპულირება.

"ჩემთვის საოცარია, რამ გამოიწვია ზოგიერთი პოლიტიკოსის ასეთი შეფასებები, მაშინ როდესაც ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დღემდე, პირადად მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა ათასჯერ განვაცხადეთ ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პოლიტიკის შესახებ, ხოლო პრესკონფერენციამდე ერთი დღით ადრე, ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას სულ ცოტა სამჯერ აღვნიშნე, რომ ქვეყნის ძირითადი სტრატეგია ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვისთვისაც ჩემს გუშინდელ სიტყვებს განმარტება სჭირდება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ – თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?! საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ მოვაწესრიგოთ ეს ურთიერთობები ყველასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც.  კიდევ ერთხელ ვაცხადებ უკვე ათასჯერ გაცხადებულ ქვეყნის ძირითად სტრატეგიას – ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას საქართველოსთვის ალტერნატივა არა აქვს – ეს ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედია", - განმარტავს ივანიშვილი.

საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება და სწავლობს ევრაზიის კავშირის საკითხს. ივანიშვილის თქმით, ჯერჯერობით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე პოზიცია არ აქვს.

"ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ ამ საკითხს. ჯერჯერობით, არანაირი პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის იქნება კარგი, რატომაც არა" - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები