ევრაზიული კავშირი

გაბაშვილი - ივანიშვილის განცხადება ევრაზიულ კავშირზე კატასტროფულია

financial.ge

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას კატასტროფული უწოდა და იმედი აქვს, რომ პრემიერმინისტრმა მოიტყუა. 

"პრემიერმინისტრის რანგში ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთება, როგორიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააკეთა, არის საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი. ვგულისხმობ განცხადებას ევრაზიული კავშირის შესახებ. მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა სწავლობს ამ შესაძლებლობას და თუ ქვეყნისთვის კარგი იქნება, რატომაც არა. ესა კატასტროფული განცხადება პრემიერმინისტრის რანგში, რადგან საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობით განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ნატოს წევრი. პუტინის მიერ შექმნილ პროექტში გაწევრიანების თეორიულად დაშვებაც კი არის კატასტროფა და სრულიად გადახვევა საქართველოს მიერ არჩეული გზიდან" - განაცხადა გოკა გაბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

"მე იმედი მაქვს, რომ პრემიერმა მოიტყუა, საქართველოს მთავრობა არ სწავლობს ამ შესაძლებლობას და ეს იყო რუსეთთან კეკლუცობის მორიგი რაუნდი და არა სერიოზული პოლიტიკური განზრახვა", - აღნიშნა გაბაშვილმა.

გოკა გაბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამით ის თავის ვალდებულებებსა და დაპირებებს გაურბის.

"მან თქვა, რომ ხალხს ის არ აურჩევია პროგრამისა და ხედვისთვის, არამედ საზოგადოება ემოციურად მოიქცა და ურჩევნია, რომ იყოს თავისუფალი და არ ჰქონდეს ვალდებულებები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას ასე ურჩევნია, ეს ვალდებულებები არსებობს, ის იარსებებს და არსად წავა. ეს ვალდებულებები არის დაპირებული დასაქმება, ახალი საწარმოები, ეს ვალდებულებაა 250 ლარამდე გაზრდილი პენსია, უფასო ჯანდაცვა და განათლება, ტარიფების განახევრება და ა.შ. დღეს საუბარი იმაზე, რომ პრემიერს ურჩევნია ეს ვალდებულებები აღარ ჰქონდეს, ნამდვილად უპასუხისმგებლობაა", - განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები