მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთი დაამარცხეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
sportall.ambebi.ge

რიო დე-ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში რუსეთის გუნდთან დაპირისპირებაში, ქართველი ძიუდოისტები ლაშა შავდათუაშვილისა და ზებედა რეხვიაშვილის მარცხის შემდეგ, ანგარიშით - 0:2 აგებდნენ, თუმცა გათანაბრებაც შეძლეს და ჩემპიონობის მოპოვებაც. თუკი 66კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ალიმ გადანოვთან შეხვედრა პირწმინდათ დათმო, ზებედა რეხვიაშვილს მურატ კოდზოკოვის დამარცხებამდე ცოტა დააკლდა. საბოლოოდ რუსმა სპორტსმენმა, 77კგ წონითი კატეგორიის დაპირისპირებაში იპონით გაიმარჯვა. იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებს მედლის მოპოვების შანსი დარჩენოდა, ავთანდილ ჭრიკიშვილს 81კგ წონით კატეგორიაში სირუჟდან მაგომედოვის დამარცხება მართებდა და ასეც მოხდა. ფინალურ დაპირისპირებაში ანგარიში ვარლამ ლიპარტელიანმა გაათანაბრა, როდესაც კირილ დენისოვს სძლია. მეხუთე შეხვედრა გადამწყვეტი გამოდგა, სადაც ადამ ოქრუაშვილმა გამოცდილ ალექსანდრე მიხაილინს შანსი არ დაუტოვა, შებოჭა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი გაუნაღდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრების დამარცხებამდე, ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის, მონღოლეთისა და უზბეკეთის გუნდებს სძლიეს. 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მოქმედი ევროპის ჩემპიონია, ბუდაპეშტში ქართველები პირველები იყვნენ, რუსი სპორტსმენები კი ვერცხლის მედალს დაჯერდნენ. ქართველმა ძიუდოისტებმა, მსოფლიოს ჩემპიონატი 2006 და 2008 წლის შემდეგ, მესამედ მოიგეს.

კომენტარები