საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ვეცდებით საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლებას

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა ამერიკულ გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრა.

"რთულია იმის ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის მოხდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. მაგრამ, როგორც მანამდე ვთქვი, თუ სიტუაციას სწორად გავაანალიზებთ და მოვლენები ისე წარიმართება, როგორც მე წარმომიდგენია, 3-4 წელიწადში ჩვენ შევძლებთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ეკონომიკისა და ადგილობრივი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"რუსეთი ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მეზობელია, ის დიდი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან საინტერესო და, ჩემი აზრით, უდიდესი ბაზარი აქვს. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მიუტევებელი იქნება ასეთი ბაზრის დაკარგვა და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაზე უარის თქმა. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ეკონომიკისა და ადგილობრივი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დეკემბრის ბოლოს პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.

"ვფიქრობ, ახალ წლამდე პოლიტიკიდან წავალ და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გავაგრძელებ. ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელია და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. ყველაფერს ვიღონებ მათი პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა Bloomberg-თან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გააგრძელებს "ხელისუფლებაზე დაკვირვებას" და უარყო ხმები, რომ ის აპირებს იქცეს რუხ კარდინალად, რომელიც პროცესებს კულისებიდან გააკონტროლებს. "რატომ უნდა ვიყო არაფორმალური ლიდერი, როცა შემიძლია ვიყო ფორმალური ლიდერი", - განუცხადა ივანიშვილმა გამოცემას.

კომენტარები