შეწყალება

სააკაშვილი: აუცილებელია ადამიანს მიეცეს ახალი შანსი, ახალი შესაძლებლობა

www.chveniambebi.info

ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება" გააცნო საზოგადოებას, რომლის თანახმად პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტით გარკვეული ტიპის დანაშაულებზე, იმ პირებს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადეს სასჯელი, ნასამართლობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ.

"თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩატარდა ფართომასშტაბიანი ამნისტია. მე დავადე ამ ამნისტიას ვეტო მხოლოდ ერთი მოტივით, რომ თუნდაც პედოფილები არ შეეწყალებინათ. მიმაჩნდა, რომ ასეთი ტიპის ამნისტია იყო გაუმართლებელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა იქვე აღნიშნა, რომ მისი მთავრობის პირობებში "ციხეებში ბევრი ხალხი გვყავდა, ვიდრე უნდა გვყოლოდა" და "ეს არ იყო სწორი გზა". მაგრამ, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პარლამენტის მიერ მიღებულმა ამნისტიამ "სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შექმნა".

"ძალიან ბევრი ისეთი დამნაშავე გამოვიდა, რომელიც არ უნდა გამოსულიყო. მკვლელები, მაგალითად, ადამიანი, ვინც საკუთარი ხელით მოახრჩო პენსიონერები, პენსიის დაუფლების მიზნით. თქვენ იცით, რომ ამ ამნისტიას მოჰყვა პედოფილიის სერიოზული ზრდა საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დანაშაულზე "არანაირ ნდობას არ იმსახურებს".

"მე პირადად, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, მიხდება ამის კონსტანტირება, სამწუხაროდ, აღდგა შევარდნაძის ტრადიცია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას ჩვენ აღარ უნდა ვენდოთ", - აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, დანაშაულის ზრდის ტენდენციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პოლიციის მიერ "გაფილტრული და გაყალბებული" მონაცემები არ ემთხვევა პროკურატურის მიერ წარმოებულ სტატისტიკას. 

მიუხედავად რთული კრიმინოგენური ვითარებისა, პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, ადამიანს მიეცეს "ახალი შანსი, ახალი შესაძლებლობა".

"ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგა ნაბიჯი ჩვენი საზოგადოების განახლებისა და გაჯანსაღების მიზნით. ჩემი გადაწყვეტილებით, იმ 10 ათასობით ადამიანს, რომელსაც დღეს აქვთ პირობითი სასჯელი და რომელსაც აქვთ ნასამართლეობა, ინდივიდუალური აქტით, თითოეული მათგანის შემთხვევაში, მოეხსნებათ პირობითი სასჯელი და ნასამართლეობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივა პრაქტიკულად ყველა მუხლს ეხება, გარდა განზრახ მკვლელობისა, განზრახ მკვლელობისა დამამძიმებელ გარემოებებში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობისა. ასევე, არ შედის სქესობრივი კავშირი ან სხვაგვარი მოქმედება მცირეწლოვანთან, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), წამება, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, აფეთქება, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული დანაშაულებანი, დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

"ასეთი ტიპის ინდივიდუალური შეწყალების აქტი არ გამოიწვევს დანაშაულის ზრდას", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და ამის არგუმენტად მოჰყავს ის გარემოება, რომ ის პირები, რომელსაც აღნიშნული შეწყალება შეეხება, ისედაც უკვე აღარ იმყოფებიან ციხეებში. პრეზიდენტი მათ უბრალოდ "აძლევს საშუალებას, დაივიწყოს ეს. გადაშალოს ფურცელი თავისი ცხოვრების, რომელიც იყო დაკავშირებული, მათ შორიშ, ზოგჯერ, მძიმე დანაშაულის ჩადენასთან (გარდა იმ მუხლებისა, რომელზეც მე ვსაუბრობ, იმიტომ რომ, არის რაღაცეები, რისი პატიებაც და დავიწყებაც უბრალოდ შეუძლებელია) და დაიწყოს ახალი ცხოვრება", - განაცხადა სააკაშვილმა.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას არაფერი აქვს საერთო იმ ფართომასშტაბიან, უკანონო, პოლიტიკურად დაუსაბუთებელ ამნისტიასთან, რომელიც გააკეთა საქართველოს პარლამენტმა. რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ზოგჯერ წინა მთავრობის ჯინაზე, ჩემ ჯინაზე, როცა ათასობით ადამიანი, რომელიც არ უნდა იყოს გარეთ, გარეთ გამოუშვა, მათ შორის, ზოგიერთს საერთოდ მიანიჭა სრული იმუნიტეტი პოლიტპატიმრის ე.წ. სტატუსის მინიჭებით. ეს ხალხი დღეს უქმნის საფრთეს საზოგადოებას, მე ვფიქრობ, რომ მოტივაცია მათი გაშვების უნდა იყოს გამოძიებული", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ავრცელებს.  

კომენტარები