არჩევნები

სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, დღევანდელი ბრძანებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა.საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კომისია ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა.

კომისიას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა და თავდაცვის სამინისტროები დაემატა, მონაწილეთა რაოდენობა კი ათი წევრით განისაზღვრა. კომისიას იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომაზე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოიწვევენ.

კომისია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ისინი კომისიის ყველა სხდომას დაესწრებიან და სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ,

მინისტრის ბრძანებით, კომისიის სხდომები ოქმით გაფორმდება. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ოფიციალური წერილით მიმართა და მისგან 2012 წლის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების, 2013 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, აგრეთვე, 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მიზნებისათვის შექმნილი კომისიის სხდომის ოქმების ასლები, კომისიის სხდომებზე მიწვეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების, აგრეთვე, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სრული ჩამონათვალი გამოითხოვა. 

კომისია განიხილავს საკითხებს, რომლებიც საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. დარღვევის შესახებ ინფორმაციას კომისიას პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები აწვდიან, რომელიც, განხილვის შემდეგ, მოსამსახურეებისა და საჯარო დაწესებულებების სახელზე რეკომენდაციებს გასცემს.

უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება. სხდომა 19 აგვისტოს არის დაგეგმილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები