ბევრი ქართველისთვის ომი დაიწყო შვიდში, მაგრამ ბევრისთვის - უფრო ადრე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში ჯარისკაცებზე საუბრისას განაცხადა. ის იხსენებს 7 აგვისტოს, როცა მასთან მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მივიდა.
"ბოლოს, როცა უკვე ჩვენი სამშვიდობოები დახოცეს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი მოვიდა ჩემთან და ტიროდა, რომ ჯარისკაცები მომიკლეს და რამდენიმე დაჭრილიაო. ის იძახოდა, რომ თუ რაღაც შეზღუდულ ოპერაციას მაინც არ გავაკეთებდით, ყველას დაგვიხოცავდნენ, რადგან ჯარისკაცები და მოსახლეობა არიან მოყოლილები ამ უბედურებაში და რაღაცის ნება მომეცითო. კეზერაშვილთან სად უნდა გადაამოწმოთ არ ვიცი, მაგრამ ჩემი პასუხი იყო, რომ ყველა რომ დაგიხოცონ, თითს არ გავანძრევთ. ასეთი პასუხი გავეცი შვიდში", - აღნიშნა სააკაშვილმა.





