2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: ზღაპრები, რომ რუსეთი არაფერ შუაშია, ერთი და იგივე წრეზე სიარულია

რუსეთი მუდმივად ცდილობს, საქართველო დაპირებების და სიცრუის ერთსა და იმავე წრეზე ატაროს, როგორც ამას შევარდნაძის დროს აკეთებდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

"სამხრეთ ოსეთი, როგორც სუბიექტი, რუსეთმა პრაქტიკულად გააქრო – ცხინვალში მოსახლეობა აღარ დარჩა, იქ იმყოფება მხოლოდ საოკუპაციო ჯარი. აფხაზეთში 30% არის აფხაზები. ჩვენ მათთან გახსნილი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ ზღაპრები, რომ რუსეთი არაფერ შუაშია, არის ერთსა და იმავე წრეზე სიარული. ამას აჭმევდნენ შევარდნაძეს. ეს იმ მეთოდს ჰგავს, კახეთში ცნობილ კახურ ცხოველს თივას რომ უკიდებენ და ისიც მიჰყვება, თუმცა ამ ცხოველისგან განსხვავებით ჩვენ ვართ ერი და თუ ერის ლიდერებს არ ეყოთ სიბრძნე და გონიერება, ერმა მათ შეცდომებზე უნდა ისწავლოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, რუსეთმა შეიძლება საქართველოს უკეთესი თვალით მხოლოდ მაშინ შემოხედოს, "თუ შევეგუებით, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი აღარ არის, არასოდეს შევალთ ნატოში და შევალთ ევრაზიულ კავშირში". ევრაზიულ კავშირში შესვლა, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას შიდა არჩევანზე, რადგან ამ კავშირში თამაშის წესებს რუსეთი ადგენს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთთან არ ჭრის, როცა საქართველო როგორც დიდ ძლიერ მგელს უყურებს, როგორც მორჩილი ცხვარი. მისი თქმით, პოლიტკოსობაზე ვისაც აქვს პრეტენზია თავის ხალხს უნდა უთხრას სიმართლე.

"თუ გვინდა, რომ ჩვენი ქართული ოცნება იყოს ის, რომ მგელი გადმოგვხედავს კეთილი თვალით, ეს არის თავის მოტყუება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები