2008 წლის აგვისტოს ომი

გაბაშვილი: იმედია, ხელისუფლება მედვედევის სატყუარას არ გადაყლაპავს

geonews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის გუშინდელი ინტერვიუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედვედევის საუბარში საქართველოსადმი ურცხვი და ცინიკური დამოკიდებულება დაინახა. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთმა პირველად შექმნა პრეცედენტი, როცა ერთმა ქვეყანამ სცადა მეორის საზღვრები შეეცვალა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუ ამჟამინდელი ხელისუფლება დათმობს პოზიციებს და ყველაფერს, აგვისტოს ომთან დაკავშირებულს, ყოფილ ხელისუფლებას დააბრალებს, რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები გაუმყარდება. 

"საერთაშორისო თვალსაზრისით, მათ მიერ მიტაცებული და დაპყრობილი ტერიტორიები ისევ საქართველოა და ეს ვითარება არ შეიცვლება, თუ საქართველომ არ მიიღო საბედისწერო და მცდარი გადაწყვეტილებები. სწორედ ესაა რუსეთის მიზანი და ამაზე მედვედევმა გასაგებად ისაუბრა. მან თქვა, რომ ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მაშინ, როცა საქართველო შეეგუება ახალ რეალობას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოში სამი საელჩო ექნება და არა ერთი. მედვედევმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი ყოველთვის შეეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ამბობს გაბაშვილი.

გაბაშვილის თქმით, ინტერვიუში დმიტრი მედვედევი ცდილობდა გაემართლებინა რუსეთის საქართველოში შემოჭრა და უთანხმოება ეთნიკურ კონფლიქტად წარმოეჩინა. დეპუტატი ასევე იმედოვნებს, რომ მედვედევის მხრიდან დღევანდელი ხელისუფლების ქმედებების დადებითად შეფასების გამო, საქართველოს მთავრობა გულუბრყვილო არ აღმოჩნდება.

"ერთადერთი ახალი რა იყო, ეს იყო სითბოსა და სიყვარულის ნოტები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მათ თქვეს, რომ მოსწონთ ეს მიდგომები, რაც გასაგებია, რადგან თუ საქართველომ თავად თქვა, რომ მან დაიწყო ომი, რომ ჩაშალა თავის დროზე სამშვიდობო პროცესი, ბუნებრივია, ეს რუსეთს მოეწონება და მოსკოვის პოზიციებს გააძლიერებს საერთაშორისო ასპარეზზე. იმედი მაქვს, რომ არც ისეთი გულუბრყვილო იქნება ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება და ამ სატყუარას არ გადაყლაპავს, არ დათმობს თავის პოზიციებს, არ დაკავდება დაყვავების პოლიტიკით", - აღნიშნავს გაბაშვილი.

 

კომენტარები