მედია

ნიკა გვარამია: ჭორები რუსთავი 2-ის გასხვისებაზე არ შეესაბამება სინამდვილეს

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პასუხობს ტელეკომპანიის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას და რუსთავი 2-ის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

"მინდა განმარტება გავაკეთო ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გასხვისების თაობაზე. მფლობელთა მიერ უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ ეს ხმები აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, მათ შორის, სრულიად კომიკური სისულელე რუსთავი 2-ის გაზპრომის მიერ ყიდვის თაობაზე", - წერს გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, ამ ტიპის ჭორებს დაინტერესებულ პირთა ჯგუფი ავრცელებს, "ვის ინტერესებშიც შედის, ახალი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სარეკლამო ბაზრის გადანაწილების აქტიურად გაჩაღებულ პროცესში, დააზიანოს" რუსთავი 2-ის იმიჯი.   

გვარამია აცხადებს, რომ დროში საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პერიოდში ტელეკომპანიის მფლობელების წინააღმდეგ აგორებული "სამართლებრივად სრულიად უშინაარსო მოთხოვნა" რუსთავი 2-ის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

"ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას - როგორც შეგნებულად ამ პროცესის მონაწილეებს (რომელთაგან ზოგიერთი კონკურენტი ტელეარხის საზედამხედველო საბჭოს წევრიცაა და პირდაპირი მატერიალური დაინტერესება აქვს), ასევე უნებლიეთ მოქმედთ, რომ თავი შეიკავონ აღნიშნული ინსინუაციებისგან, რასაც ჩვენი ტელეკომპანია განიხილავს მისი ფინანსური დამოუკიდებლობის და, შესაბამისად, ზოგადად, როგორც დამოუკიდებელი მედიის არსებობის წინააღმდეგ ბრძოლას", - აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღეს, 30 ივლისს, განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი ტელეკომპანიის შესაძლო გასხვისების საკითხს შეეხნენ.

"საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ამჟამად, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ის პირი, რომელთა მიერაც დანაშაულებრივად განხორციელდა ჩვენი წილების მითვისება, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით. ამავე დროს, გვსურს გავაფრთხილოთ ყველა, ვისაც შესაძლოა გაუჩნდეს აღნიშნული წილების შესყიდვის სურვილი, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან, რათა არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი", - ნათქვამია დვალისა და აქიმიძის განცხადებაში.

 

კომენტარები