საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ჩვენ გვაქვს უდიდესი პრობლემა და გამოწვევა - ეკონომიკა

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

„ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და არა უკან, თუ ვინ დაარღვია კანონი და ვინ დავსაჯოთ. ჩვენ გვაქვს უდიდესი პრობლემა და ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს - ეკონომიკა" - ამბობს ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია აჭარასთან საუბარში.

პრემიერმინისტრის თქმით, მისი სურვილია, „სამართლიანობის აღდგენის" პროცესი რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს და ხელისუფლებას არ აქვს იმის საჭიროება, რომ საკუთარი მოღვაწეობა წინა ხელისუფლების დანაშაულებით გაამართლოს:

"ზოგადად, იმ მუხტს, რაც საზოგადოებაში არსებობს, რომ რაც შეიძლება ბევრი დაისაჯოს, მე არ დავეთანხმებოდი. არ უნდა დარჩეს დაუსჯელობის განცდა, მაგრამ ჩემი, როგორც კოალიციის ლიდერის და საქართველოს მოქალაქის, დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამთავრდეს ეს პროცესები. ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და არა უკან, თუ ვინ დაარღვია და ვინ დავსაჯოთ. ჩვენ გვაქვს უდიდესი პრობლემა და ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს - ეკონომიკა. ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, ქვეყანა ფეხზე დადგეს, ოჯახებში ღირსეული შემოსავალი იყოს. დღეს უკვე ოპოზიცია ნაწილობრივ სწორად მიუთითებს (თუმცა მეტი კონსტრუქციულობა მართებთ), თითქოს ახალი ხელისუფლება ცდილობს, ძველი საქმეებით გაამართლოს თავისი ქცევები ზოგიერთ საკითხებში. ვფიქრობ, არ გვაქვს ამის საჭიროება, რომ ძველი ხელისუფლების დასჯით ჩვენი მოღვაწეობა გავამართლოთ, რამეთუ ვფიქრობ, წარმატებით მოღვაწეობს მთავრობა." - ამბობს ივანიშვილი.

მისივე თქმით, აგრესია უნდა დაცხრეს და დაისაჯოს ის მინიმუმი, რაც აუცილებელია, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ დარჩეს.

„ჩვენ ნელნელა უნდა დავიცხროთ ეს აგრესია, შევეგუოთ, რომ არ შეიძლება ტოტალურად და მასიურად დასჯა და სულ უკან ყურება. ცოტა სხვა მიმართულებით უნდა დავიწყოთ ყურება, როგორ მოვერიოთ ჩვენს გამოწვევებს, როგორ მოვერიოთ ეკონომიკას. მოვახერხოთ, რომ ოპოზიციაც მაქსიმალურად ქვეყნის სამსახურში ჩავაყენოთ და ჩატეხილი ხიდი, უფსკრული ამოვავსოთ. უნდა გავიზაროთ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ყოფნა არ არის დანაშაული მასიურად. იმის შემდეგომ, რაც მოახერხებენ, შეიცვალონ პოზიცია და საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან. იყვნენ ოპოზიციაში, აკრიტიკონ ხელისუფლება და გაუწიონ ოპონირება. ნურცერთ მხარეს ნუ დაავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო. ჩვენ პატიებაც უნდა შევძლოთ. უნდა დაისაჯოს ის მინიმუმი, რაც აუცილებელია, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ დარჩეს." - ამბობს პრემიერი.

კომენტარები