პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, პრეზიდენტობის მსურველ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების გუნდის წევრობის სურვილი გამოთქვა, თუმცა ამას კოალიციაში კარგი რეაქცია არ მოჰყოლია.
"ქალბატონ სალომეს, ალბათ, ეწყინა, როცა ვუთხარი, რომ მისი მხრიდან გუნდურობის პრობლემა იყო და ამიტომ ჩემი გუნდიდან კარგი რეაქცია არ მივიღე. ამის შემდეგ ქალბატონ სალომეს გაუჩნდა იდეა, რომ კენჭი ეყარა მერის კანდიდატურაზე, რაზეც ვუთხარი, რომ საინტერესო იყო. ბოლოს წინა შეხვედრაზე ქალბატონი სალომე მოვიდა და შემახსენა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად იყრიდა კენჭს და აინტერესებდა, კოალიცია დაუჭერდა თუ არა მხარს. მე მას ვუთხარი, რომ ჩემი კანდიდატი მყავდა, რომელსაც გუნდთან განვიხილავდი და თუ არ გავიდოდა, მაშინ რატომაც არა, სალომეს კანდიდატურასაც დავაყენებდი. ბოლო შეხვედრაზე, როდესაც გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა საჯაროდ გაცხადებული არც მქონდა, ვუთხარი, რომ მარგველაშვილს საბჭოზე ერთხმად დაუჭირეს მხარი და, შესაბამისად, მისი კანდიდატურაც არ განგვიხილავს. ამის შემდეგ მითხრა, რომ მაინც იყრიდა კენჭს. მე შევახსენე, რომ ის მერობაზე საუბრობდა, თუმცა მიპასუხა, რომ მერობა აღარ უნდოდა. მესამედ რომ მკითხა, მე ვუპასუხე, რომ ჩვენ უკვე ჩვენი კანდიდატურა გვყავდა და საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენება მისი გადასაწყვეტი იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, მას დღემდე მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი პირველ ტურში გაიმარჯვებს და ასეთი განცხადებების გამო მისი გაკრიტიკება უცნაურია.
"რაც უფრო მეტი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, უფრო საინტერესოა, რომ საქართველოში ყველას შეეძლოს და მოსინჯოს, რა პოპულარობა აქვს საზოგადოებაში და შეუძლია თუ არა, პრეზიდენტი გახდეს", - აღნიშნა პრემიერმა.





