მუსიკა

The Art Of Rap

ანუ რა განსხვავებაა ამერიკულ და ქართულ ჰიპ-ჰოპს შორის

2013 წლის ივნისში, ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ICE T-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „რაღაც არაფრისგან: რეპის ხელოვნება" (Something from Nothing: The Art of Rap) პრემიერა შედგა. ზოგადად ჰიპ-ჰოპის წარმოშობაზე, 80-იანი, 90-იანი წლების პერიოდზე არაერთი ფილმი გადაღებულა, მაგრამ ვფიქრობ, ეს საუკეთესოა, რაც ამ თემაზე ოდესმე შექმნილა.

რა თქმა უნდა, ფილმს აქვს მინუსები და რაღაცების გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა. მაგალითად, რამდენიმე ისეთი არტისტი არ არის გამოყვანილი, ვისი აზრის მოსმენაც საინტერესო იქნებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ასე თუ ისე დაბალანსებულია.

როდესაც გავიგე, რომ ფილმს ICE T იღებდა, სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი არ მქონდა. ჰიპ-ჰოპი კლანური კულტურაა (რაც, სხვათა შორის, ფილმშიც არაერთხელაა აღნიშნული), სადაც მუსიკალური კოლაბორაცია ხშირად პირად ურთიერთობებზე და ქუჩურ კავშირებამდე დადის. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ვეტერანი ICE T რესპონდენტებს ტენდენციურად შეარჩევდა, თუმცა ასე არ მოხდა და სწორედ ეს არის ფილმის ერთ-ერთი პლუსი.

კენდრიკ ლამარი
„რეპის ხელოვნებაში", მაგალითად, ვერ მოხვდა ლეგენდარული Ll Cool J, რომლის ხედვაც ჰიპ-ჰოპზე ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ხოლმე, თუმცა ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მასსა და ფილმის რეჟისორს შორის დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად „ომი" იყო გაჩაღებული. საკვირველია, როდესაც 45-55 წლის მამაკაცებს შორის ჩხუბსა და საქმის გარჩევებზე გვიწევს საუბარი, მაგრამ ასეთია რეპმუსიკა, ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც მასში საწყისი პერიოდიდან ჩაერთო.

ფილმზე საუბარი ოდნავ გაგვიგრძელდა, მაგრამ ვისაც ეს ჟანრი ოდნავ მაინც იზიდავს, ის აუცილებლად უნდა ნახოს. როდესაც მის ყურებას მოვრჩი, ლეგენდარული არტისტების მიერ ნათქვამი ძალიან ბევრი შესანიშნავი ფრაზა ჩამრჩა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ესენი იყო: „ჩვენ არაფრისგან შევქმენით რაღაც ... ჰიპ-ჰოპს არ გამოუგონია არაფერი, ჰიპ-ჰოპმა ახლიდან გამოიგონა ყველაფერი..." მართლაც, მას შემდეგ, რაც ჰიპ-ჰოპი 1970-იანი წლების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში პირველ ნაბიჯებს დგამდა, დიდი დრო გავიდა. დღეს ჟანრში ყველაფერი სხვაგვარადაა და ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, რომ ზოგადად სუბკულტურაშიც ბევრი რამ შეიცვალა.

დიდი ზომის შელახული შარვლები და ქურთუკები მოდის სახლებში ნაყიდმა პრესტიჟულმა ტანისამოსმა ჩაანაცვლა, კისერზე ჩამოკიდებული კედლის საათების მაგივრად, ახლანდელ რეპერებს ოქროს სამკაულები ამშვენებთ. შეიცვალა თემატიკაც: თუკი 80-იანების შუაში და 90-იანების დასაწყისში (ამ პერიოდს ჰიპ-ჰოპის ოქროს საუკუნეს, ე.წ. Golden Age-ს უწოდებენ) არტისტები რთულ დროზე, გეტოში ცხოვრებაზე, მატერიალურ სიდუხჭირეზე და კანონთან პრობლემებზე საუბრობდნენ, დღევანდელი რეპერების სიმღერის ტექსტები ხშირად კანფეტებზე, სუსტი ყოფაქცევის ქალებზე, სამკაულებზე და იმაზეა, თუ რომელს უფრო მეტი ფული აქვს.

თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ჟანრს, ამაზე ზემოხსენებულ ფილმშიც საუბრობენ და ძირითადად ნაღვლიან ტონში. ძველი და ახალი ჰიპ-ჰოპ თაობების დაპირისპირების თემა რეპში არ არის ახალი. მან სათავე დაახლოებით საუკუნის დასაწყისში აიღო, როდესაც ჟანრის უფრო კომერციული ტრანსფორმაცია დაიწყო. უფრო ზუსტად, მეინსტრიმ ჰიპ-ჰოპი 90-იანებში გაჩნდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა, ახლა კი მივიღეთ ისეთი არტისტები, როგორებიცაა Wacka Flocka Flame, Flo Rida, Pitbull და სხვა მრავალი. თუკი Grandmaster Flash-ის, Rakim-ის, ან თუნდაც Wu-Tang Clan-ის ნებისმიერ ჩანაწერს მოვუსმენთ, შემდეგ კი ზემოხსენებული არტისტების ნამუშევარს შევადარებთ, აბსოლუტურად ნათლად გამოჩნდება ჟანრის ტრანსფორმირების შედეგი. საბოლოოდ, მუსიკალური ჟანრის მასობრიობა კომერციამდე დადის და როდესაც ხალხი ამა თუ იმ არტისტის ჩანაწერს ყიდულობს ან რაიმე სახით აძლევს მას საშუალებას, რომ ჩარტებში ზედა პოზიციებზე იყოს, ე.წ. Old School-ის მოყვარულებს ისღა დარჩენიათ, ძველი დრო გაიხსენონ – როდესაც ჰიპ-ჰოპი ასეთი არ იყო.

მახსენდება ძველი და ახალი თაობის პირველი „შეტაკება", როდესაც ლეგენდარულმა KRS-ONE-მა, Nelly-ს Diss (სიმღერა, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ადამიანის ან ჯგუფის დისკრედიტაციას) მიუძღვნა. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, ამ ბრძოლაში მთავარი ის იყო, რომ ვეტერანმა KRS-ONE-მა Nelly-ს სიმღერაში „Number 1" ერთ-ერთი მონაკვეთი საკუთარ თავზე მიიღო, მით უმეტეს, რომ ვეტერანს 1998 წელს გამოშვებული ჰქონდა მსგავსი სათაურით სიმღერა „I'm Still # 1". Nelly საკუთარ სიმღერაში ამბობდა:

„Aiyyo I'm tired of people judgin what's real hip-hop
Half the time you be them niggaz who fuckin album flop
You know! boat done sank and it ain't left the dock
C'mon! mad cause I'm hot; he just - mad cause he not".

შემდგომში ბევრჯერ გამოითქვა აზრი, რომ Nelly-ს ეს სიტყვები სულაც არ ეხებოდა KRS-ს, მაგრამ ამ ისტორიაში მათი ე.წ. Battle სხვა რამით არის მნიშვნელოვანი. საბოლოოდ, ითვლება, რომ KRS-ONE-მა ეს დაპირისპირება დათმო. ჰიპ-ჰოპში შემსრულებლები სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყვნენ დაფასებულნი. ასე მაგალითად, Nas-ი განსაკუთრებული ლირიკითაა ცნობილი, Big Pun და Busta Rhymes – ე.წ. flow-თი, KRS-ONE კი Freestyle Battle-ებით. ამიტომ, შანსი იმისა, რომ Nelly გამოცდილ კონკურენტს ე.წ. Hip-Hop battle-ში დაამარცხებდა, შეიძლება ითქვას, არ არსებობდა. ვეტერანმა ფანების რაოდენობით წააგო...
ვინც ჰიპ-ჰოპს და მის ისტორიას იცნობს, მისთვის არ არის საჭირო ახსნა, თუ რამდენად ღვაწლმოსილი არტისტია KRS-ONE, მაგრამ 2001-02 წლებში Nelly-ს რამდენიმე მილიონით მეტი მსმენელი ჰყავდა, ვიდრე ვეტერან შემსრულებელს. Nelly-ს სიმღერები (იმის ჩათვლით, რომელიც KRS-ONE-მა Diss-ად მიიღო) ამერიკის ფაქტობრივად ყველა დიდ კლუბში ისმოდა, ისმოდა მანქანებში, ქუჩებში... Nelly-ს ჰიტები ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობდა, ჰიპ-ჰოპის სათავეებთან მდგარი KRS-ONE კი ამდენ მსმენელზე მხოლოდ იოცნებებდა. ეს ეპიზოდი ნათლად ასახავს იმას, თუ რაოდენ უძლურია თუნდაც გარკვეული წრეების აზრით უფრო ღირებული მუსიკა კომერციულად უფრო მოგებიან და პოპულარულ მუსიკასთან ჭიდილში.

ტენდენციურ მიმოხილვაში რომ არ ჩამეთვალოს, მოდი ვთქვათ, რომ დღესაც არიან ახალგაზრდა არტისტები, რომელთაგანაც ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყურადღების ღირსნი ნამდვილად არიან. ასე მაგალითად, MGK, Joey Bada$$, Mac Miller, Schoolboy Q, Kendrick Lamar, ASAP ROCKY... მათ შორის, ვფიქრობ, Kendrick Lamar-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს ბიჭი მიმაჩნია დღევანდელი ჰიპ-ჰოპის ბრილიანტად, რომელიც გამოჩენის დღიდან ელავს, თან რაც დრო გადის, უფრო კაშკაშებს და არ უნდა ჩაქრეს არა იმიტომ, რომ მხოლოდ მისი კარიერისთვის იქნება ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ჰიპ-ჰოპს სჭირდება ასეთი არტისტი.

კენდრიკი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის საბადოში, კალიფორნიაში, კერძოდ კი კომპტონში დაიბადა. აქედან წამოვიდნენ: Eazy-E, Dr. Dre, MC Ren, The Game, მაგრამ კენდრიკ ლამარი არცერთ მათგანს არ ჰგავს. მისი პირველი ალბომი Section 80, რომელიც პირადად სრულყოფილ ალბომად არ მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ მიქსტეიპსა და ალბომს შორის მერყეობს, საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. 16 ტრეკში რამდენიმე პოტენციური ჰიტიც გამოერია და მთლიანობაში, რეკლამის უქონლობის ფონზე, დებიუტი შედგა. ჯერჯერობით მთავარი სიტყვა, რაც კენდრიკ ლამარმა თქვა, ეს არის მისი მეორე ალბომი good kid, m.A.A.d city. ამ ალბომმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და შეიძლება ითქვას, რომ კენდრიკი უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებდა. 2013 წლის ივნისის მონაცემებით, ალბომის 921,000 ეგზემპლარია გაყიდული, გამოსვლიდან პირველ კვირაში კი სულაც 242, 000 იყო გაყიდული. ამ მაჩვენებლით, ლამარი შარშან, პირველ კვირას, ყველაზე გაყიდვადი და წლის ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომის ავტორი გახდა, ხოლო ამერიკის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ, ჩანაწერს ოქროს ხარისხი მიანიჭა. ციფრებს რომ თავი დავანებოთ, ფაქტობრივად ყველა პრესტიჟული მუსიკალური ჟურნალის კრიტიკოსებმა, ალბომს ან ძალიან კარგი, ან სულაც მაქსიმალური შეფასება დაუწერეს.

თავად კენდრიკ ლამარმა განაცხადა: „ამ ალბომს წლების განმავლობაში ვგეგმავდი. წინასწარ ვიცოდი, თუ რის შესახებ უნდა მომეთხრო მსმენელთათვის. გარეკანი წლების წინ ავარჩიე. ვიცოდი, რომ სწორედ მას ავარჩევდი, ის ხომ ჩემი ისტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა. გქონდეს ჩანაწერზე სრული შემოქმედებითი კონტროლი, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა – ეს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნებაა".
ალბომის ყდაზე „პოლაროიდით" გადაღებული ფოტოა, სადაც პატარა კენდრიკი და მისი ოჯახის წევრები არიან გამოსახულები. ყდიდან დაწყებული, მსმენელს მაქსიმალურად ექმნება წარმოდგენა კომპტონელი ბიჭის ცხოვრებაზე, განცდებზე, ტკივილზე და სიხარულზე. კენდრიკ ლამარის თქმით, მან შთაგონება ისეთი დიდი შემსრულებლებისგან მიიღო, როგორებიც არიან DMX და თუფაქ შაკური. ვფიქრობ, ალბომის და ზოგადად ლამარის შესრულების მანერის სპეციფიკურობა და ინოვაციურობა ყველაფერთან ერთად იმითაცაა განპირობებული, რომ, როგორც თავად ამბობს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის პაექრობას თავისებურად უყურებდა.

„როდესაც პატარა ვიყავი, გარშემო ყველა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ომზე საუბრობდა. ჩემი თანატოლები უსმენდნენ რეპერებს დასავლეთ სანაპიროდან და არ ცნობდნენ მაგალითად Jay-z-ს, Nas-ს, მაგრამ მე – არა. ყოველთვის თანაბრად ვუსმენდი მათ, ვინც მომწონდა და წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა – პირიქით, განსხვავებული სტილი მიზიდავდა".

კენდრიკ ლამარი
დასავლეთ სანაპიროზე მრავალი ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ პროდუქტი შეიქმნა, ისეთები, როგორიცაა N.W.A-ს, 2Pac-ის, Cypress Hill-ის სხვადასხვა ტრეკები თუ ალბომები, მაგრამ კენდრიკ ლამარის სიმღერები განსხვავებულია. კი, good kid, m.A.A.d city შავკანიანი ბიჭის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი მონაყოლი. ალბომი თითქოს ფილმივითაა, სადაც განსხვავებული კუთხითაა დანახული ერთი ბიჭის ცხოვრება და როდესაც ამ ინოვაციურ მიდგომას კარგი რეპერისთვის აუცილებელი flow, ლირიკა და სპეციფიკური ხმა ემატება, პროდუქტი მსმენელს გულგრილს უბრალოდ ვერ დატოვებს.

იმ დროს, როდესაც ამერიკული საზოგადოება ჰიპ-ჰოპის სხვადასხვა თაობებზე მსჯელობს – ახალგაზრდები უპირატესობას უმეტესად ახალ სკოლას, შედარებით ასაკოვანნი კი ძველ სკოლას ანიჭებენ – ჰიპ-ჰოპი მის ფარგლებს გარეთაც ვითარდება. თუმცა არა ყველგან... ავად თუ კარგად, რეპკულტურამ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მოიკიდა ფეხი. საინტერესოა აფრიკული, აზიური, ლათინური ჰიპ-ჰოპი, მაგრამ განსაკუთრებით გამოსარჩევი მაინც საფრანგეთია.

ამ ქვეყანაში რეპკულტურამ მალევე მოიკიდა ფეხი. ამაში დიდი დამსახურება MC Solaar-ს მიუძღვის, რომელმაც მოღვაწეობა 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და კოლაბორაციული კავშირი ჰქონდა ლეგენდარულ ჰიპ-ჰოპ დუო Gang Starr-თან. ფრანგულ რეპს ევროპის გარეთ, ამერიკაშიც აფასებენ, რისი მიზეზიც ალბათ ლირიკული დატვირთვა ნაკლებად უნდა იყოს – ამ ენაზე ნამღერი ჰიპ-ჰოპი განსაკუთრებულად სპეციფიკურად ისმინება. რეპკულტურა განვითარებულია რუსეთში, სადაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ე.წ. ანდერგრაუნდ სცენა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და დღეს მივიღეთ შედეგი, რომ რამდენიმე შემსრულებელი უდიდეს დარბაზებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპის სხვადასხვა დიდ ქალაქებში ავსებს.

იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰიპ-ჰოპ არტისტები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იყვნენ, ჩვენთან რეპის შესახებ საკმაოდ ადრეულ პერიოდში იცოდნენ. ჩვენში ჰიპ-ჰოპ არტისტები ქუთაისსა და თბილისში გამოჩნდნენ. გამოსარჩევია ჯგუფი ძებნილის 1999 წლის ალბომი „დაამტვრიე როკი", სადაც ორიგინალური მანერით იყო გადმოცემული იმდროინდელი შემსრულებლების პრობლემები, შეგრძნებები და მსოფლმხედველობა. იმ დროს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ალბომი სტანდარტებსა და მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, თუმცა საჭირო იყო განვითარება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ან თუნდაც იმავე საფრანგეთში მოხდა. სამწუხაროდ, ამ ალბომის შემდეგ, იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ქართულ ჰიპ-ჰოპში ღირებული ძალიან ცოტა რამ იქმნება.

დღეს რამდენიმე არტისტი საინტერესო ანდერგრაუნდ პროდუქტს ქმნის, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად მიწისქვეშეთში რჩება, რომ ჩვეულებრივ მსმენელამდე ვერ აღწევს. სამაგიეროდ, აღწევს ისეთი პროდუქტი, რომლის მოსმენისასაც დეპრესიულ განწყობაზე დადგებით.

ვენს რეპსცენაზე (თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს) პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი დგას. ის ჰიპ-ჰოპის სამშობლოში ცდილობდა ფეხის მოკიდებას, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად. შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მალევე მოიპოვა თინეიჯერებს შორის პოპულარობა. ბერას ლირიკისა და ინსტრუმენტალების განხილვას, ვფიქრობ, აზრი არ აქვს. არც იმას აქვს აზრი, რომ პარალელები გავავლოთ დასავლელ შემსრულებლებთან, რადგან არ მეგულება არტისტი, რომელიც თავისი ქვეყნის პრეზიდენტს სიმღერებში მიკერძოებულად ეშაირება, გარემოს დაცვის მინისტრს კი პრეზერვატივს უწოდებს. შემოქმედებაში პოლიტიკური თემების სიმრავლე ოკეანის იქით ყველაზე მეტად Immortal Technique-ს აქვს. ეს არტისტი ხშირად გამოდის პოლიტიკური განცხადებებით, დიდი ხნის განმავლობაში არ მალავდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უმცროსის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას, მაგრამ ეს მისი ჯანსაღი პოზიცია იყო, რომელსაც ზურგს არ უმაგრებდა პოლიტიკოსი, ან მით უმეტეს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით შეპყრობილი ოჯახის წევრი. მოკლედ, ამ შემთხვევაში ბერა მიკერძოებულია.

ასეთ პირობებში, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მომავალში ქართული ჰიპ-ჰოპ სცენა განვითარდეს. ერთში კი დარწმუნებული ვარ – ფსევდოტექსტები საბოლოო მიზნამდე ვერ მიგვიყვანს. როდესაც ერთი მხრივ საკუთარი სუპერსექსუალური ცხოვრებით, ძვირადღირებული ტანსაცმლითა და მანქანებით იწონებ თავს, ამბობ, რომ ბოსი ხარ, სხვა რეპერებს მოუწოდებ თქვენობით მოგმართონ, მეორე წამს კი აცხადებ, რომ გასაჭირი გინახავს, გტკენია, გიტირია და ხალხს ქართული ოცნების ერთად ახდენისკენ მოუწოდებ, ალბათ მედიცინაში ამას პიროვნების გაორებას უწოდებდნენ, მე კი მგონია, რომ ეს უბრალოდ ფარსია. ჰოდა, ალბათ სწორედ მაშინ მიაღწევს ჩვენთან ჰიპ-ჰოპი შედარებით უკეთეს დონეს, როდესაც კარგ მუსიკალურ პროდუქტთან ერთად, ლირიკა ნამდვილი, მართალი იქნება, რადგან ის არტისტები, ვინც დღეს ამერიკაში მანქანებით იწონებენ თავს, როდესაც უჭირდათ, კვარტალში ჩვეულებრივი ხულიგნები იყვნენ და მაშინაც შესაბამისი ტექსტები ჰქონდათ.

დასასრულ, გაგაცნობთ ივნისში გამოსულ საინტერესო რელიზებს, რომლებმაც ჰიპ-ჰოპის მოყვარულები შეიძლება დააინტერესოს: Kanye West – Yeezus, J. Cole – Born Sinner, Joey Bada$$ – Summer Knights, Quasimoto – Yessir Whatever, Slum Village – Evolution, Prodigy & Alchemist – Albert Einstein, Mac Miller – Watching Movies With Sound Off.

კომენტარები