ლიტერატურა

ვაჭრობიდან ლიტერატურამდე

თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალის გამოკვლევა

რამდენად ძვირი უჯდება საქართველოს გაუნათლებლობა, შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. სხვადასხვა სოციალური ფენის, წრის თუ ინსტიტუციის წარმომადგენელთა დამოკიდებულება ცალკეული, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისადმი გვარწმუნებს, რომ საყურადღებოა ყველაფერი, რაც დაკავშირებულია განათლებასთან, ცოდნის მიღების და გაღრმავების პროცესთან.

მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ლიტერატურა, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა ასაკში ეცნობა. შესაბამისად, გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა საქმიანობა და მისია, ვფიქრობ, ისეთივე საპასუხისმგებლოა, როგორც, მაგალითად, აღმზრდელის ან პროფესორ-მასწავლებლის.

რას გვთავაზობენ ქართველი გამომცემლები და რითი ინტერესდება გამორჩეულად ქართველი მკითხველი თუ წიგნის მყიდველი? კითხვებზე პასუხის მისაღებად, გამომცემლებთან გასაუბრების საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 2013 წლის 23-26 მაისს მეთხუთმეტედ ჩატარდა.

წელს ექსპო ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში 62 დასახელების სტენდი განთავსდა, ერთი დიდი და მთავარი სცენით პრეზენტაციებისთვის. მონაწილეთა 53 პროცენტს, სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების, წიგნის მაღაზიების თუ გამავრცელებლების გვერდით, გამომცემლობები წარმოადგენდნენ. მათმა უმრავლესობამ, უფრო ზუსტად კი – 73-მა პროცენტმა, გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა და თავი არ აარიდა შეკითხვას: წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში, რომელი წიგნით და სერიით დაინტერესდა მკითხველი/მყიდველი განსაკუთრებით? გამომცემელთა პასუხებიდან გამოიკვეთა, რომ ფესტივალზე გამოტანილი წიგნებიდან მაღალრეიტინგული აღმოჩნდა, ანუ ყველაზე კარგად გაიყიდა:

აგორა – კამიუს ნაწარმოებები, მათ შორის: „სიზიფის მითი" (2013), ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი" (2011);
ანბანი – მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი";
არეტე – მიშელ უელბეკის „ელემენტარული ნაწილაკები", ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი" (2009);
არტანუჯი – გრიგოლ რობაქიძის „3 რომანი" (2011);
ბაკმი – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი", „სახარება", ბონდო მაცაბერიძის „ზღაპრები თეკლა გოგოზე" (2010);
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა" (2008), ორჰან ფამუქის „მდუმარე სახლი" (2013);
გორგა – გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის სასწაულები" (2010);
დიოგენე – ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი", ჯეკ კერუაკის „გზაზე" (2012);
ზებრა – „უცნობი ქართული ხალხური ზღაპრები" (2009), სელმა ლაგერლოფის „პორტუგალიის იმპერატორი" (2012);
თსუ ლოგოსი – რისმაგ გორდეზიანის „მითების სიბრძნე";
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა – „ხევსურული პოეზია" (2012);
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა – ზიგმუნდ ფროიდის „კულტურით უკმაყოფილება", ვასილ კანდინსკის „სულიერების შესახებ ხელოვნებაში";
ინტელექტი – სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში" (2012);
კენტავრი – მიხეილ თუმანიშვილის „ფიქრები თეატრსა და ცხოვრებაზე" (2013);
ლამპარი 99 – მოგონებები გაბრიელ ბერზე – „ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე";
ლეგა – ჯეკ ლონდონის „თეთრი ეშვი", ჯეიმს ფენიმორ კუპერის „უკანასკნელი მოჰიკანი" (2010);
ლიტერატურის მუზეუმი – ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან" (2013);
ლოგოს პრესი – „ხელოვნების ამბავი";
პალიტრა L – ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი";
საუნჯე – მარიამ წიკლაურის „ანბანის სამყარო", კატო ჯავახიშვილის „ნაცვალი სახელი", ლია ლოქოკელის „დევის ცოლის სიცილი";
სიესტა – გაბრიელ გარსია მარკესის „პატრიარქის შემოდგომა" და „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება" (2009), ჰერმან ჰესეს „ზიდჰარტა" (2012);
ტრიასი – „სიბრძნე მინიატურაში" (2010);
უსტარი – სტენდალის „სიყვარულის შესახებ" (2013), ირაკლი ლომოურის „ავტონეკროლოგი" (2012);
შემეცნება – „მინდა ყველაფერი ვიცოდე".

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან, სურათი ჭრელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ერთ-ერთი პროდუქტიული (წელიწადში 102 დასახელების სხვადასხვა ჟანრის ახალი წიგნი, სახელმძღვანელოების გარდა) „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ 5 წლის წინ გამოცემული დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა", როგორც გამომცემლობის წარმომადგენლებთან გასაუბრებით აღმოჩნდა, რამდენჯერმე ხელახლა დაიბეჭდა, რადგან მკითხველში დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ზემოთ ჩამოთვლილი გამომცემლობების გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მყიდველი უმეტესად ირჩევს უცხოურ მხატვრულ ლიტერატურას, ნაკლებად – პოეზიას, კრიტიკა კი, ისედაც იშვიათად გამოიცემა. საყურადღებოა, რომ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში მკითხველი დრამატურგიითაც დაინტერესდა, რადგან ყველაზე მაღალრეიტინგულ ნაწარმოებებს შორის სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინი" მოხვდა.

წლევანდელ ფესტივალზე თვალშისაცემი იყო საგამომცემლო სერიათა და სხვადასხვა სერიის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურის „სიუხვე". გამომცემელთა უმრავლესობამ, გათვალა რა ქართველებში წიგნების ფერებად და ტომებად ჩალაგების მოთხოვნილება, სერიების გამოცემა დაიწყო და იშვიათად თუ ნახავთ გამომცემლობას, აღნიშნული მიმართულებით არ მუშაობდეს. ამიტომაც ცალკეულ ავტორებს და მათ ნაწარმოებებს, სხვადასხვა სერიის ფარგლებში, უკვე ერთდროულად რამდენიმე გამომცემელი გამოსცემს. ამის მაგალითია, თუნდაც, „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" (პალიტრა L), რომლის გარდა, გამოკითხვის შედეგად, ყველაზე მეტად გაიყიდა სერიები:

• „მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის", (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
• „100 წიგნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო" (ქართული ბიოგრაფიული ცენტრი);
• „1910-1920-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალები" (ლიტერატურის მუზეუმი);
• „ისტორია და გამოუცნობი სამყარო" (კლიო);
• „ნობელის პრემიის ლაურეატები" (ინტელექტი);
• „უცნობი გრიგოლ რობაქიძე" (არტანუჯი);
• „სასკოლო ბიბლიოთეკა" (ბაკმი);
• „ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის", „ქართული მწერლობა" (ნაკადული);
• „საყმაწვილო ენციკლოპედია" (დილა);
• „დიოგენეს ბიბლიოთეკის სერია" (დიოგენე);
• „აუცილებელი საკითხავი" (არეტე);
• „ჩვენი ღირსებანი" (წიგნი+ერი);
• „ისტორია და ამოცანების სამყარო", „100 მეცნიერი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო", „ისტორიის უდიდესი ბრძოლები" (კლიო);
• „რჩეული საბავშვო მოთხრობები" (შემეცნება), რომელშიც 41 ქართველი კლასიკოსი მწერლის 186 ნაწარმოებია შესული. მოთხოვნა იყო სხვადასხვა ტიპის ტესტებსა და ამოცანებზე.

ვნახეთ ისეთი წიგნები, რომლებიც პირველად სწორედ ფესტივალზე გამოჩნდა, მაგალითად: გამომცემლობა არტანუჯის მიერ „თანამედროვე დრამატურგიის სერიით" გამოცემული „თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის" პირველი წიგნი, გამომცემლობა პეგასის მიერ შემოთავაზებული ფრანც კაფკას „რჩეული მოთხრობები".

ყოველწლიური სტატისტიკური კვლევის შემაჯამებელი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ფესტივალის ფარგლებში ელექტრონული წიგნების მომწოდებლებს თუ დავუჯერებთ, წინა წლებთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა გაზრდილია და არა პირიქით. თუმცა, „გამოცემულ წიგნთან ინტიმის" ტრადიცია ჯერ კიდევ მძლავრობს. „საბას" ელექტრონულ წიგნებშიც პოპულარულია დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა", ასევე, აკა მორჩილაძის „ობოლე", ხოლო კლასიკოსებიდან – ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები, სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში".

ფესტივალის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მასში სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების მონაწილეობა, როგორიც არის, მაგალითად, ხელოვნების სასახლე (თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი), რომელმაც საგამომცემლო მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა და მკითხველს (მათ შორის, დარგის სპეციალისტებს) მუზეუმის ფონდებში დაცულ მასალაზე მომზადებული და „ქართული კულტურის ოქროს ფონდის" სერიით გამოცემული ორი წიგნი – „კოტე მარჯანიშვილი" და „მიხეილ ჭიაურელი" – შესთავაზა. ინტერესი გამოიწვია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ინიციატივით გამოცემულმა „ძეგლებით თამაში – სტალინი აქ და ამჟამად", რომელშიც გურამ წიბახაშვილის ფოტოები და არჩილ ქიქოძის, გია ნოდიას, ბექა მინდიაშვილის ესეები გაერთიანდა. უმრავლესობამ ხელთ გაიყოლა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ უფასოდ შემოთავაზებული სანიშნეები და ბარათები, რომლებზეც 50 ქალის პორტრეტი იყო გამოსახული. მათ ქართული კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. მკითხველი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილუსტრირებული ალბომებითაც („ქართული ხელნაწერი" და „ტაო-კლარჯეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა") დაინტერესდა.

წლევანდელ ფესტივალზე დებიუტანტ გამომცემლობასაც ნახავდით. ასეთი იყო უსტარი. ზემოხსენებული გამომცემლობებიდან ერთადერთი აღმოჩნდა კლიო, რომლის წარმომადგენელმაც შეკითხვაზე, თქვენი გამოცემებიდან რომელი იყო ყველაზე დაბალრეიტინგული, პასუხი გაგვცა და ასეთად ბრემ სტოუკერის გოთიკური კლასიკა – „დრაკულა" დაასახელა.

გამოკითხვის შედეგად, ქართველი გამომცემლები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, წლიურთან შედარებით, წიგნების 5 (ყველაზე დაბალი) – 45 (ყველაზე მაღალი) პროცენტს ყიდიან.

მკითხველისთვის, ვფიქრობ, არანაკლებ საინტერესოა, თუ როგორ შეაფასეს გამომცემლობათა წარმომადგენლებმა ფესტივალის ძლიერი და სუსტი მხარეები: თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს საგამოფენო სივრცე უკეთესად იყო განაწილებული, დაცული იყო უსაფრთხოების ზომები. თუმცა, გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც სტენდების განაწილების პრინციპი უცნობი აღმოჩნდა. პატარა გამომცემლობები, მორიდებით, მაგრამ მაინც საუბრობდნენ კვადრატული მეტრობით დადგენილი გადასახადის სიძვირეზე. გამომცემელთა ერთი ნაწილი კმაყოფილი იყო მყიდველთა რაოდენობით, მეორე – ნაკლებად, თუმცა, ორივე მხარე აღნიშნავდა, რომ ფესტივალს აკლდა რეკლამა. უარყოფითი განწყობის შემქმნელად დასახელდა საფრთხე, რომლის წინაშეც სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლები დგანან. თუკი მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინტელექტუალურ საკუთრებას უკანონოდ ჩამოართმევს, მათი აზრით, შედეგი აუცილებლად აისახება მომავალი წლის ფესტივალზე – შემცირდება მხატვრული (ორიგინალური/ნათარგმნი) და სამეცნიერო წიგნების რაოდენობა.

უკვე ჩავლილ ფესტივალზე კომენტარი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს – ქეთევან ჯაყელს ვთხოვეთ. გვითხრა, რომ ასოციაციაში სულ დაახლოებით 80 წევრია, რომელთაგან 40 არის მუდმივი და ყოველთვიურ საწევროს რეგულარულად იხდის. მისი მმართველობითი ორგანოა გამგეობა, რომელიც 7 წევრისგან შედგება და ჰყავს თავმჯდომარე.

ღმასრულებელი დირექტორის გარდა, ასოციაციაში მუშაობს ირმა გურაშვილი (ფინანსური მენეჯერი) და ნინო კიკნაძე (ასისტენტი). ძირითადი საქმიანობაა: საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში (ფრანკფურტი, ლაიფციგი, ლონდონი) მონაწილეობა, თბილისის წიგნის ფესტივალის მოწყობა, წევრების სხვადასხვა სემინარებით დაინტერესება, სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობა. ასოციაცია არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, სახელწოდებით Book Platform, პარტნიორი ორგანიზაცია.

ასოციაციის Facebook-ის გვერდზე გამოჩნდა კითხვარი, რომელიც წლევანდელ წიგნის ფესტივალს უკავშირდება. როგორია შედეგი და აქტივობა?

ქეთევან ჯაყელი – ასეთი კითხვარი წელს პირველად გაკეთდა. აქტივობა ძალიან დაბალი იყო – მხოლოდ სამმა შეავსო და დადებითი შეფასებები გამოთქვა. ცალკე კითხვარი შევთავაზეთ მონაწილეებს, რომლებმაც უფრო იაქტიურეს და ამ შემთხვევაშიც, ზოგადი მოსაზრება იყო დადებითი, თუმცა, ეს „შიდა" ინფორმაციაა.

რაიმე ტიპის კვლევა თუ არსებობს ფესტივალზე?

სამწუხაროდ, არა...

როგორც ვიცი, სპეციალობით ინგლისური ენის ფილოლოგი ხართ, მუშაობდით ორგანიზაცია Save the Children-ში სახელმძღვანელობის მომზადების მიმართულებით და ასოციაციის მუშაობაში 2012 წლის პირველი ნოემბრიდან ჩაერთეთ. რა სირთულეები შეგხვდათ ფესტივალის ორგანიზების პროცესში?

საკმაოდ რთულ პერიოდში მომიწია მუშაობა – ფესტივალის წინა პერიოდს ასოციაციის წევრების შიდა კონფლიქტები დაემთხვა, რის გამოც გადაწყვეტილებების მიღება და დაგეგმვა დროში გაიწელა... როდესაც დაგეგმვის პროცესს დროულად იწყებ, პრობლემებიც ნაკლებია ხოლმე... თუმცა, საერთო ჯამში, ვფიქრობ, მე და ჩემმა თანამშრომლებმა სამუშაოს თავი კარგად გავართვით.

იყო თუ არა ისეთი რამ, რაც თქვენი ინიციატივით შეიცვალა?

ხშირად მესმოდა პატარა გამომცემლობების წარმომადგენელთა უკმაყოფილება პავილიონის შესასვლელში საავტორო სტენდების გამართვასთან დაკავშირებით. ამჯერად საავტორო სტენდები პავილიონის უკანა მხარეს გადავწიეთ და საგამოფენო დარბაზი, ვფიქრობ, უფრო სამართლიანად დავაგეგმარეთ.

გამომცემელთა გამოკითხვით დავრწმუნდი, რომ რამდენიმესთვის სტენდების განაწილების პრინციპი უცნობი და გაურკვეველია...

გამომცემლობებთან ფორმდება ხელშეკრულება და მონაწილეები გადასახადს წინასწარ, სტენდის ზომის მიხედვით იხდიან. საავტორო და სტანდარტული სტენდების ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა გადახდამდე მონაწილეებმა არ იციან, კონკრეტულად რა ადგილას იქნებიან განთავსებულნი, რაც ზოგჯერ პრობლემატურია. წელს ადგილები ლატარიის პრინციპით გავანაწილეთ და ვფიქრობ, გაამართლა.

ყველაზე ხშირად რა მიზეზით ამბობენ ხოლმე გამომცემლობები ფესტივალში მონაწილეობაზე უარს?

სავარაუდოდ, ფასის გამო... ალბათ ფიქრობენ, რომ მათთვის მოგებიანი არ იქნება...

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფესტივალი განვითარდეს?

წიგნის ფესტივალი ყოველწლიურად იხვეწება. ამბიცია გვქონდა, რომ წელს ქალაქის მასშტაბი მოგვეცვა და პავილიონის სივრციდან გავსულიყავით... ვფიქრობ, იმ მოკლე დროში, რაც გვქონდა, ეს კარგად მოვახერხეთ. თუმცა, იმედი მაქვს, სამომავლოდ ფესტივალის დღეებში უკვე მთელი ქალაქი იქნება ჩართული – ყველა ლიტერატურულ სალონსა და კაფეში მოეწყობა ღონისძიებები, კითხვები, შეხვედრები, რეკლამები გაკეთდება ქუჩებში და ა.შ. წიგნის ფესტივალი მხოლოდ „ვაჭრობის ოთხი დღე" კი არ უნდა იყოს, არამედ „ლიტერატურის ოთხი დღე" და წლევანდელმა ფესტივალმა ამის პირველი მაგალითი შექმნა.

დიახ, ვეთანხმები.

თბილისის წიგნის ფესტივალი საერთაშორისოა, არადა, უცხოური გამომცემლობები უფრო და უფრო ნაკლებად მონაწილეობენ... აპირებთ თუ არა აღნიშნულის გამოსწორებას?

ამ მიმართულებით მუშაობა წელს ვერ მოვასწარით. ეს სწორედ ის საკითხია, რომელზე მუშაობაც ყველაზე ადრე უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, მომავალ წელს ხელის შემშლელი ფაქტორები აღარ იქნება.

როგორია ასოციაციის უახლოესი გეგმები?

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2017 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი გახდება. ეს უზარმაზარი წინსვლაა ჩვენთვის და მომზადების თვალსაზრისითაც საკმაოდ საპასუხისმგებლო... უკვე ვიწყებთ მზადებას, რაც ნიშნავს, რომ მუშაობის სხვა რეჟიმში გადავდივართ.

კომენტარები