მხიარულ-სევდიანი ჩინური რობოტების, ურბანული შაოლინელი ბერების, წითელი ტუჩსაცხებისა და ჭკვიანი ნარკოტიკების პოპ-ელექტრო ცირკი -Kung Fu Junkie ოთხი წევრისგან შედგება: ზურა ჯიშკარიანი იგივე ზომბი ან Next (ვოკალი, გიტარა), თაზო ლიპარტელიანი იგივე გრინჩი ან Vicki Lee (ვოკალი, კლავიში, FX), თემურ ეზუგბაია იგივე Vinda Folio (გიტარა, ვიზუალური ეფექტები) და ამირან ნინუა იგივე ამიკო ან MC CutKill (ვოკალი). Dance or Die -ასე ჟღერს ბენდის დევიზი და უკვე ოთხი წელია, ენერგიული რიტმები უმარტივესი ინგლისურით დაწერილ ტექსტებთან ერთად, ჯანქების კონცერტებზე მისულ პუბლიკას გაჩერების საშუალებას არ აძლევს. ისინი ხტუნავენ და ცეკვავენ გაუჩერებლად Chinese Girl-სა თუ Yoshiwara Bitch-ზე და ასე ლაივის ბოლომდე, ანუ იქამდე, სანამ მუსიკოსებიც და მსმენელებიც არ დარწმუნდებიან, რომ გართობის დონემ და ხანგრძლივობამ საკმარის ნიშნულს მიაღწია. ხალხის აცეკვება -მიზანი, რომელმაც თავის დროზე ბიჭები გააერთიანა -დიდი ხანია შესრულებულია და ჯგუფიც ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადება. შემდეგი ამოცანა საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარზე გასვლა და იქ წარმატების მოპოვებაა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯიც გადაიდგა. მათი მუსიკით ცნობილი პროდიუსერი და დიჯეი Gare Mat K დაინტერესდა და საკუთარ ლეიბლზე Progrezo Records ჯანქების სადებიუტო EP Dance 2 The Light გამოსცა, რომელშიც ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებულ კომპოზიციებთან ერთად, თავად მის მიერვე გაკეთებული რემიქსებიც შევიდა.

კატეგორიზაცია რომ ვცადოთ – კუნფუ ჯანქი ბოიბენდია. არატიპური, პროდიუსერების მიერ სიმპათიური გარეგნობის გამო შერჩეული ბიჭუნების ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლებისთვის დამახასიათებელ პლასტმასის ესთეტიკას და გლამურს მოკლებული, ცოტა ფრიკული, მაგრამ მაინც ბოიბენდი. ჯგუფის წევრების ატრიბუტიკა კონცერტებზე შთამბეჭდავად მარტივი და არცთუ იშვიათად ეპატაჟურია. სცენაზე ხშირად ჩნდებიან ნივთებით, რომლებიც მათი მუსიკის ფილოსოფიას ასახავს – იაფფასიანი ჩინური მუსიკალური სათამაშოები, წყლის პისტოლეტები, რობოტები, ფერადი ბუშტები, ჯოისტიკები ან სიმღერის დროს ვოკალისტის ტანიდან ჩამოვარდნილი და მიკროფონზე ჩამოკიდებული წითელი ლიფი. სამეცნიერო ფანტასტიკა ის თემაა, რომელსაც ტექსტებში ხშირად იყენებენ. Trip Up-ის მოსმენისას დიდ მწვანე უცხოპლანეტელს შეხვდებით, Sci-Fi-ში კი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ეკოლოგიის გადარჩენის გზებზე შეიტყობთ. კოსმოსისათვის ადგილი განგსტერული რეპისთვის დამახასიათებელი რეჩიტატივებით სავსე King Size-შიც გამოინახა, Biorobot კი ანდროიდებთან სასიყვარულო ურთიერთობების დადებით და უარყოფით მხარეებზე დაგაფიქრებთ. ჯანქების რეპერტუარშივე შედის სიმღერა, რომელიც აუცილებლად გაჟღერდება პირველ ქართულ გეი-აღლუმზე, თუ, რა თქმა უნდა, მსგავსი რამ ჩვენს სამშობლოში როდესმე ჩატარდება. Go Boyz! არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ეძღვნება, მაგრამ გარწმუნებთ, ყველაზე თავგამოდებულ ჰომოფობსაც კი გაუჭირდება მისი მოსმენის დროს თავი შეიკავოს და მისამღერს არ აყვეს. და, რა თქმა უნდა, Flowerz in My Brain – ემოციებით, მელანქოლიითა და დრამატიზმით სავსე კომპოზიცია, რომელმაც მცირე დროში მოახერხა ნამდვილი ჰიტი გამხდარიყო.

Kung Fu Junkie
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

კუნფუ ჯანქებს ინტერვიუს ჩასაწერად მანგლისში, მეგობრის ნახევრადდანგრეულ სახლში მყოფებს მივაგენი. სწორედ მსგავს, 90-იანი წლების საქართველოსთვის დამახასიათებელ გარემოში არის დაწერილი იმ სიმღერების დიდი ნაწილი, რომლებიც აგერ უკვე მესამე ათწლეულის განმავლობაში ჩანასახის ფაზაში მყოფი სამამულო შოუბიზნესისთვის არადამახასიათებლად თანამედროვე და ხარისხიანი ჟღერადობით გამოირჩევა. თუ სხვა ქართველი პოპ-შემსრულებლები მაქსიმალურად ცდილობენ რეალობას გაექცნენ და საკუთარი იმიჯი მეზობლებისგან ნათხოვარი ძვირადღირებული მანქანებითა და მოუხეშავად მოცეკვავე მეგობარი გოგონებით გაამდიდრონ, ჯანქები მათ გარემომცველ სინამდვილეს არათუ მალავენ, არამედ მსმენელებთან მთავარ საკომუნიკაციო იარაღადაც კი იყენებენ. ჯგუფის მზარდ პოპულარობას ჰიტური მელოდიების გარდა, გარკვეულწილად ისიც განაპირობებს, რომ მათში არ იგრძნობა არანაირი სიყალბე. ისინი აქვე არიან, ჩვენ გვერდით. აწუხებთ იგივე პრობლემები, რაც ჩვენ. ცხოვრობენ თბილისური გეტოების მრავალბინიან კორპუსებში. ხშირად ტრანსპორტის ფულიც კი არ აქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად, თითოეულ კონცერტზე ახერხებენ გამოვიდნენ ისე, როგორც ნამდვილ პოპ-ვარსკვლავებს შეშვენით – ბოლომდე დაიხარჯონ, მიიღონ სიამოვნება თვითონ და მიანიჭონ ის მსმენელებს.

როგორ შეიქმნა კუნფუ ჯანქი?

გრინჩი: ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენი ჯგუფი არ არსებობდა, მეგობრები ჩემთან სახლში ვიკრიბებოდით – ვსვამდით, ვუკრავდით, ვერთობოდით. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე ზომბიმ და ფარჩილამ (გიტარისტი, Kung Fu Junkie-ს ყოფილი წევრი) დაუკრეს Chinese Junkies. პირველად სწორედ მაშინ მოვისმინე მათი მუსიკა. შემდეგ ჯერზე უკვე სამივემ ერთად ვცადეთ სიმღერის დაწერა და Dance Aerobika გავაკეთეთ. ერთხელაც ზომბის ეძინა, მე და ფარჩილა მივუსხედით კომპიუტერს და Jingle Zombie შევქმენით. მერე ამიკო დარჩა ჩვენთან ერთად და Yo J ჩავწერეთ. ასე თანდათანობით დავკომპლექტდით და ვიფიქრეთ, რატომაც არა.

ზომბი: შინაგანად ალბათ ყველას ის გვაერთიანებდა, რომ ისეთი მუსიკის კეთება გვინდოდა, როგორიც საქართველოში ჩატარებულ კონცერტებზე არ გვესმოდა. მე ყველაზე მეტად მინდოდა ის, რომ ხალხს ეცეკვა და არა უბრალოდ თავები ექნია სცენასთან ახლოს.

გრინჩი: მაშინ რეალურად არც ვიცოდი, როგორ უნდა დამეკრა ელექტრონული მუსიკა, წარმოდგენა არ მქონდა. ამიტომაც მუსიკაზე მეტად პერფორმანსებზე ვიყავით ორიენტირებულები. თან შესაბამისი ტექნიკაც არ გვქონდა. კონცერტზე კომპიუტერი მიგვქონდა, ერთს პროცესორი ეჭირა ხელში, მეორეს მონიტორი. მერე უბრალოდ ტრეკს ვუშვებდით და ჩვენ სცენაზე პერფორმანსებს ვაწყობდით.

ზომბი: საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩვენი პროგრამა ორად გავყავით. პირველ ნაწილში ვუკრავდით ცოცხლად, გიტარებზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე. მეორე ნაწილში კი სცენაზე დიდი კომპიუტერი გაგვქონდა, ვუშვებდით ელექტრონულ ტრეკებს და ვიწყებდით პერფორმანსს. ამ დროს სცენაზე სრული ქაოსი ხდებოდა. ყველაფერი ის, რაც შეიძლება მოხდეს თინეიჯერის საწოლ ოთახში. გრინჩი ცეკვავდა, დანარჩენებს ხელში სათამაშო პისტოლეტები გვეჭირა, ტანზე კი საახალწლო ნაძვის ხის ნათურები გვქონდა ასხმული

ერთი დიდი კომპიუტერის ამარა და ელექტრონული მუსიკის დაკვრის არცოდნის პირობებში, ელექტრონავტებზეც გამოხვედით.

გრინჩი: ჰო, ტრადიციულად ავიღეთ ჩვენი აღჭურვილობა და წავედით ელექტრონავტებზე. შევდივართ და ვხედავთ მაკინტოშის ლეპტოპები აწყვია. ნახევარი საათი ეძებდა ხმის რეჟისორი გზას, რომლითაც ჩემი კომპიუტერიდან მუსიკის დინამიკებამდე მიტანას მოახერხებდა. მერე წამყვანსაც შეეშალა და სხვისი გამოსვლის დროს მოულოდნელად გამოაცხადა – თქვენ წინაშეა კუნფუ ჯანქი. სცენაზე გაღიმებული და დაბნეული სახეებით გავედით. ამ დროს ქვემოდან ჩუმად დაგვიძახეს თქვენი რიგი არ არისო და ჩვენც ისევ ისეთი გაღიმებული, დაბნეული სახეებით გავბრუნდით კულისებში მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, იმ დღეს ძალიან გავერთეთ და რაღაც ტრადიციასავით შემოგვრჩა, რომ კონცერტებზე ჩვენ თვითონაც ვერთობით და ჩვენი მსმენელიც. ალბათ ამიტომაც უყვართ ჩვენს ლაივებზე მოსვლა.

ამიკო: ხომ არსებობს ბენდები, რომელთა კონცერტზე მიდიხარ იმისთვის, რომ დადგე და მოუსმინო. ჩვენთან მოდიან იმიტომ, რომ გაერთონ, იხტუნონ, იცეკვონ.

გრინჩი: თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუსიკას და მისი შესრულების ხარისხს ყურადღებას არ ვაქცევთ. დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ მხოლოდ კონცერტზე მოსული მსმენელის გართობით ვერ შემოვიფარგლებით. ჩვენ ვამჩნევთ ხარვეზებს ჩვენს ლაივებში და გვინდა, რომ კიდევ უფრო ხარისხიანად დავუკრათ. ამისთვის ბევრს ვმუშაობთ. დღეს უკვე ვეღარავის გააკვირვებ კონცერტით, სადაც ცუდად უკრავ, მაგრამ კარგად ხტუნავ. ამიტომაც კუნფუ ჯანქი იხვეწება და მალე ჩვენი შესრულების ხარისხი ცოცხალი გამოსვლებისას ისეთივე იქნება, როგორიც სტუდიურ ჩანაწერებში.

კუნფუ ჯანქი ინგლისურენოვანი ბენდია. ხომ არ ფიქრობთ, რომ უცხო ენაზე სიმღერა ლოკალურ სივრცეში მსმენელების რაოდენობას გიზღუდავთ?

გრინჩი: საქმე ისაა, რომ ჩვენი ტექსტები უფრო იმ ფსევდოინგლისურ ენაზეა დაწერილი, რომელსაც ბავშვობისას იყენებ მოწონებული მელოდიის სამღერად. ინგლისური ოდნავ მაინც თუ იცი, თუ გესმის სიტყვების Love და Dance მნიშვნელობა, იცი Fuck რა შემთხვევებში შეგიძლია გამოიყენო, მაშინ ჩვენს სიმღერებსაც გაიგებ.

ზომბი: მე ვფიქრობ, რომ მუსიკოსი სიმღერის შექმნისას არ უნდა ფიქრობდეს, რომელ ქვეყანაში ან რომელ ქალაქში იქნება ის უფრო პოპულარული. ქვეცნობიერად მაინც უნდა გქონდეს იმის ამბიცია, რომ შენს მუსიკას მთელმა სამყარომ მოუსმინოს. მე მინდა, რომ ის, რასაც კუნფუ ჯანქი აკეთებს, მთელი მსოფლიოსთვის იყოს გასაგები და არა ლოკალურად რომელიმე ერთი ქვეყნისთვის. ჩვენი ტექსტები გარკვეული თვალსაზრისით მეტატექსტებია, რომლებიც ნებისმიერი ეროვნების ადამიანმა შეიძლება გაიგოს და გაითავისოს. და საერთოდ, ჩვენს კონცერტზე მთელი მსოფლიო უნდა შევკრიბოთ და გლობალიზაცია დავასრულოთ

როგორ დაახასიათებდით ჟანრს, რომელშიც თქვენი ჯგუფი მოღვაწეობს? ერთი შეხედვით ეს საცეკვაო მუსიკაა, ელექტროპოპი ჰიპ-ჰოპის ელემენტებით, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ სიმღერების თემატიკას და იმ პერფორმანსებს, რომლებსაც თქვენი კონცერტების დროს დგამთ, ძნელია ამ ყველაფერს პოპ-მუსიკა ვუწოდოთ.

ზომბი: მე ხშირად ვავლებ ხოლმე პარალელებს ჩვენსა და Psychic TV-ს შორის. ალბათ ზედმეტად ამბიციური ვარ ან უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი. ასეა თუ ისე, ჯენესის პ. ორიჯი ამბობდა, ჩვენ არ ვართ მუსიკოსები, ჩვენ საინფორმაციო-შემეცნებითი ჯგუფი ვართო. კუნფუ ჯანქიც არ არის მხოლოდ მუსიკალური პროექტი. ეს არის ჯგუფი, რომლის მიზანიც პოპ-მუსიკაში იმ თემების შემოტანაა, რომლებიც პოპ-კულტურისგან გამოყოფილია. თემების, რომლებიც ადრე მხოლოდ ანდერგრაუნდის კუთვნილებად ითვლებოდა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პერფორმანსები და მთელი ის ატრიბუტიკა, რომელსაც კონცერტების დროს ვიყენებთ. შეიძლება ითქვას, რომ ანდერგრაუნდიდან პოპ-კულტურაში შეპარული პარტიზანები ვართ, რომლებიც პოპ-მუსიკაში ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, მის გამრავალფეროვნებას ვცდილობთ. გვინდა მასში ჩვენი უძველესი და უბნელესი ინსტინქტები და ხედვები შევიტანოთ. ისეთი თემები გავაჟღეროთ, რომლებსაც პოპ-მუსიკა გვერდს უვლის – კოსმოსი, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, ნარკოტიკების ლეგალიზაცია. რომ პოპ-ვარსკვლავები არ უმღეროდნენ მხოლოდ არსებულ ან დაკარგულ სიყვარულს და მომავალში დამწყებ მუსიკოსებს თემების უფრო დიდი არჩევანი დახვდეთ. ამბობენ, რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ. ამას წინათ ერთ წიგნს ვკითხულობდი, სადაც ეწერა, რომ ორკები სულაც არ იყვნენ ბოროტი რასა, არ იყვნენ მახინჯები და ა.შ. მაგრამ, რაკი დამარცხდნენ, დღეს მათი მოხსენიება მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ხდება. წარმოიდგინეთ, რამდენი ბრწყინვალე მხატვარი, მუსიკოსი ან მწერალი არსებობდა, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით მხოლოდ იმის გამო, რომ, ვთქვათ, მისი წიგნი გამომცემლობამ არ მიიღო ან რამე სხვა მიზეზით არ გამოქვეყნდა. და რამდენი რასა და სახეობაა განადგურებული, დაწყებული დინოზავრებით და დამთავრებული ჩინური დელფინით, რომელიც შარშან გაქრა. ჩვენ დამარცხებული რასების კულტურას ვახმოვანებთ. ეს ჩვენი არტის კონცეფციაა. კუნფუ ჯანქი არის ყველა დაკარგული რასის, განადგურებული სახეობის და დაკარგული ადამიანის პოპი

გრინჩი: ორკების პოპი! :D

ზომბი: ჩვენი ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, რომ გახდეს მეინსტრიმი. მეინსტრიმში გვინდა შევიტანოთ ის, რაც მას აკლია – ღრმა ემოციები. დღევანდელი პოპ-მუსიკა ძალიან ზედაპირულია. მას აკლია სიღრმე. ბევრისთვის სიღრმე სწორედ ანდერგრაუნდთან ასოცირდება, მაგრამ სამყარო იცვლება და მასთან ერთად მეინსტრიმიც უნდა შეიცვალოს. ჩვენ თუ ვერ შევცვლით, სხვა შეცვლის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამოგვივა.

Kung Fu Junkie
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რამდენიმე წლის წინ გქონდათ პროექტი – სიზმრების პორტალი.

ზომბი: დიახ, არსებობდა ასეთ არტ-ჯგუფი ELY, რომლის ერთ-ერთი პროექტი სიზმრების პორტალი იყო. თითოეული ადამიანი დღეში თორმეტამდე სიზმარს ხედავს, ოღონდ არ ამახსოვრდება. პლანეტაზე კი 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ადვილი წარმოსადგენია თუნდაც ერთი დღის მანძილზე რამდენი ინფორმაცია იკარგება. უხსოვარი დროიდან ინდიელებს ჰქონდათ სიზმრების გაზიარების და დამახსოვრების კულტურა. ეს მათი ყოველდღიური სოციალური ცხოვრების ნაწილი იყო. ისინი ერთმანეთს უყვებოდნენ საკუთარ სიზმრებს და ამის საშუალებით უამრავ ინფორმაციას აგროვებდნენ. დღეს ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ჩვენ შევეცადეთ თუნდაც ერთი ქალაქის, თბილისის, მასშტაბით სიზმრების შეგროვება დაგვეწყო. შევქმენით საიტი, რომელზეც ყველა მსურველს გაღვიძებისთანავე მის მიერ ნანახი სიზმრის ატვირთვა შეეძლო. ყველაზე მეტად სინქრონული სიზმრები მაინტერესებდა. მაგალითად, ქალაქის ერთ ბოლოში ნანახი სიზმრის მსგავსი თუ დაესიზმრებოდა ვინმეს მის მეორე ბოლოში. საბოლოო მიზანი ამ სიზმრების ვიზუალიზაცია იყო. საგამოფენო დარბაზში, დიდ ეკრანზე უნდა გამოგვესახა თბილისის რუკა, თარიღებით, რომელზეც ნაჩვენები იქნებოდა რა სიზმრებს ხედავდა ქალაქი ერთი თვის განმავლობაში, რომელ უბანში რა პერსონაჟები დომინირებდა მძინარე ადამიანების სიზმრებში, ნეგატიური სიზმრები სჭარბობდა თუ პოზიტიური. ყველაფერ ამაში ხომ ქალაქის ცხოვრება ირეკლება. ერთხელ ღამის სამ საათზე საიტზე ვიღაცამ დაწერა, რომ სიზმარში მასზე გამოდევნებული ორი წითელი გველი ნახა. მეორე დილის ექვს საათზე კი სრულიად სხვა უბანში მცხოვრებმა პიროვნებამ დაწერა, რომ მას სიზმარში გვერდით ორმა წითელმა გველმა ჩაუარა. ეკრანზე ვიზუალურად ეს გამოისახებოდა თბილისის თავზე ორი წითელი გველის ერთი მიმართულებიდან მეორისკენ გადაადგილებით. ეს პროექტი მაშინ ვერ დავასრულეთ, ვერ მოვახერხეთ მასში საკმარისი რაოდენობით ადამიანის ჩართვა, თუმცა გეგმაში გვაქვს მომავალ წელს გავაგრძელოთ.

ვიზუალიზაციაზე საუბრისას კლიპები გამახსენდა, რომლებიც ფაქტობრივად არ გაქვთ. ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერის გარდა, ინტერნეტში გავრცელებულ სიმღერებზე სამოყვარულო ვიდეოები თქვენი მსმენელების მიერ არის ატვირთული. რას აპირებთ ამ მიმართულებით?

ზომბი: გრინჩი და მე დაახლოებით 2008 წლიდან ვგეგმავთ რომელიმე ჩვენს სიმღერაზე კლიპის გადაღებას. სულ სხვა რამეა, როდესაც აუდიოს ვიდეო ემატება. გამოსახულებასთან ერთად მსმენელამდე მეტი ემოცია მიდის. მაგრამ მაშინ არ ვიცოდით ვისთვის მიგვემართა. შემდეგ გავიცანით თემო, რომელიც დაგვპირდა, რომ ვიდეოს გაგვიკეთებდა. თავიდან Chinese Girl-ზე ვაპირებდით გადაღებას, შემდეგ კიდევ რომელიღაც სიმღერაზე დაგვპირდა. მოკლედ, იმდენი გვატყუა, სანამ ჯგუფში არ ავიყვანეთ თუმცა კლიპი ჯერ კიდევ არ ჩანს. გუშინ რომ გაიგო ინტერვიუ გვექნებაო, რამდენი ინერვიულა იცი? იუთუბზე უყურებდა How to give an interview

თემო: ორი სიმღერაა, რომლებზეც ვაპირებ ვიდეო გადავიღო – Biorobot ან Dance 2 The Night. ამათ შორის ვაკეთებ არჩევანს. ადრე თუ გვიან აუცილებლად გადავიღებ. ამის გარდა, მინდა კუნფუს კონცერტების დროს ეკრანზე ვიზუალები გავუშვა. დღეს ჩვენთან არის ერთი-ორი ადამიანი, რომელიც მსგავს რამეს აკეთებს და სხვათა შორის არცთუ ისე ცუდად. მაგრამ ისინი მხოლოდ გამოსახულებებზე კაიფობენ და მათი საშუალებით ამბავს არ ყვებიან. მე კი მინდა ჩემი ვიზუალებით თითოეულ სიმღერას თავისი უნიკალური ისტორია შევუქმნა. ეს ვიზუალები კონცეპტუალური უნდა იყოს, პროექტის ნაწილი გახდეს და არ დარჩეს უბრალოდ გამოსახულებებად, რომლებიც შეგიძლია ნებისმიერ ტრეკს დაადო. ამ მიმართულებით მინდა ყველაფერი დავალაგო. ბიჭებს ჩუმად დაკითხვებს ვუწყობ ხოლმე, რომ გავიგო რა აზრი აქვთ ჩადებული ამა თუ იმ სიმღერაში, მერე ჩემი იდეებიც დავამატო და, საბოლოო ჯამში, საერთო ნამუშევარი მივიღო.

გრინჩი: ახალი წლისთვის ვგეგმავთ ჩავწეროთ ჯგუფ „სახის" სიმღერა „დიდხანს გელოდი". ძალიან კარგი სიმღერაა და ვფიქრობ, ჩვენი ვერსია არანაკლებ პოპულარული გახდება, ვიდრე თავის დროზე დათო ფორჩხიძის და მისი მეგობრების მიერ შესრულებული ვარიანტი იყო. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ქართულად ვიმღერებთ და ალბათ ჩვენს პირველ კლიპსაც ამ სიმღერაზე გადავიღებთ.

„სახე" იყო ჯგუფი, რომელმაც 90-იან წლებში შეძლო საკუთარ კონცერტებზე ათეულობით ათასი ადამიანი მიეყვანა. მათ შემდეგ მსგავსი რამ ვერც ერთმა ქართულმა ბოიბენდმა ვერ გაიმეორა. როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ თქვენ მსგავსი წარმატების მისაღწევად?

გრინჩი: თუ იმ დროზე ვისაუბრებთ, როდესაც „სახე" საკონცერტო დარბაზებს ავსებდა, უნდა გავიხსენოთ, რომ მაშინ ქვეყანაში ახალგაზრდები გაცილებით უფრო კულტურულ მუსიკას უსმენდნენ. პოპულარული იყო ჰიპ-ჰოპი, სოული. დღეს კი უმრავლესობა რესტორნის მუსიკას ანიჭებს უპირატესობას. 90-იანი წლებისგან განსხვავებით, თანამედროვე საქართველოში მეინსტრიმი სწორედ ასეთი ტიპის სიმღერებია. „სახის" წინაშე არ იდგა ამოცანა, რომ ხალხი რესტორნებიდან გამოეყვანა. მათ მსმენელებს, რომლებიც უცხოენოვან ხარისხიან მუსიკას უსმენდნენ, ასეთივე ხარისხის მუსიკა მშობლიურ ენაზე შესთავაზეს. სწორედ ეს იყო მათი წარმატების საიდუმლო. რაც შეგვეხება ჩვენ, მე პირადად არ მაქვს სურვილი ჩვენს კონცერტზე რესტორნიდან გამოსული ადამიანები მოვიდნენ. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი მსმენელები რომელიმე ერთ, კონკრეტულ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ეს არ არის ჩაკეტილი, მარგინალიზებული სივრცე. განსხვავებული მუსიკალური გემოვნების ადამიანები მოდიან ჩვენამდე.

ზომბი: სიმართლე რომ გითხრა, მე ყველაზე მეტად მისწორდება მაგარ ნაშებს რომ ევასებათ ხოლმე ჩვენი მუსიკა და ჩემი ათეულიდან რაც უფრო თესლ ნაშას დაევასება, მით უფრო გამისწორდება რაც შეეხება რესტორნის ტიპებს, ჩვენი მიზანი არ არის მათი გემოვნების შეცვლა. რესტორნის თაობა ვერ შეიცვლება, სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მუსიკით შევქმნათ ბაზა ახალი თაობისთვის. ყველაზე მეტად მინდა, რომ 9-დან 19 წლამდე ბავშვებმა გვისმინონ. იმიტომ, რომ ამ ასაკში შედის გონებაში ყველაზე მეტი ინფორმაცია და ის მესიჯები, რომლებსაც ჩვენი მუსიკით მსმენელებს ვაწვდით, ვფიქრობ, ძალიან სწორი და სასარგებლოა. უნდა გაერთო, იცეკვო, შეიცნო კოსმოსი, საკუთარი შინაგანი სამყარო, იცოცხლო დიდი ხანი და, რაც მთავარია, იცხოვრო სიყვარულით. ძალიან მინდა, რომ კუნფუ ჯანქიმ, როგორც პროექტმა, გაამართლოს, მაგრამ პოპულარობაზე მთავარი ჩვენთვის თავად შემოქმედებითი პროცესია. თუ ამ პროცესში მსმენელები შემოგვემატება, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არ გახდება იმის საბაბი, რომ შუა გზაზე გავჩერდეთ.

კომენტარები