კანონპროექტი

შსს:ღირსების და ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა დასჯადი ხდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას "ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა" 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 500 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 

"ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია პროექტში.

იმ შემთხვევაში, თუ "საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით, აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება", გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით. 

კომენტარები