პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: რიგგარეშე სესია 10 ივლისს გაიმართება

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სესია 10 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ უსუფაშვილმა მიმდინარე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"გუშინ მივმართე პრეზიდენტს და ველით ხვალ 12 საათისთვის მისგან ნებართვას, თუ პრეზიდენტი უარს იტყვის, მაშინ პარლამენტი ხვალ თვითონ შეიკრიბება და გავხსნით სესიას. რიგგარეშე სესია სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისამდე გაგრძელდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა მისი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის პრემიერმინისტრთან შეხევედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

"საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო. საკონსტიტუციო კომისიის შექმნა გადაწყდა, ამით დაიწყება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უკავშირდება ქვეყნისთვის მყარი საკონსტიტუციო საფუძვლის შექმნას. ამჟამად ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენ სექტემბერში ვიმსჯელებთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შრომის კოდექსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილება ყველა მოქალაქეს ეხება.

"საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მეტად სადუსკუსიო თემა, რომელსაც ბევრი განხილვა მიეძღვნა, შრომის კოდექსი მივიღეთ. მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა ბოლო დღეს მოაწერა კანონს ხელი. როგორც ჩანს, ფიქრობდა ვეტოს გამოყენებაზე, ამაზე მიუთითებს ის, რომ გააჭიანურა ხელის მოწერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება ყველა მოქალაქეს. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ შრომის კოდექსამდე არ მისულა, იმიტომ რომ უმუშევარია, მაგრამ სწორედ უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად არის საჭირო დაბალანსებული შრომის კოდექსი. ამ პროცესში ბევრი მხარე იყო ჩართული და ვფიქრობ, ოპტიმალური კანონი მივიღეთ, თუმცა თუ დრო აჩვენებს, რომ კოდექსი რომელიმე მხარეს იხრება, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები