საქართველო-ევროკავშირი

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოს ახალ ხელისუფლებას სულელები ვგონივართ

president.ee

ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა რუსული რადიო კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის პერსპექტივებზე და მონაწილე ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში, შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. მან საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას გაუსვა ხაზი და ქვეყანში შექმნილი ვითარება უკრაინაში არსებულ სიტუაციას შეადარა.

ილვესის თქმით, უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს სასამართლო ქვეყანაში არსებული სისტემის სიმბოლო და გამოხატულება გახდა და ეს უკრაინისთვის დიდი პოლიტიკური პრობლემაა, რადგან ტიმოშენკოს ბედი ამ ქვეყნის დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით ლაკმუსის ქაღალდად იქცა. "საუბარია არა ერთ ადამიანზე, არამედ სამართლებრივ სახელმწიფოზე და ამ მხრივ ეს მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის", - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

"მე ვიცი, რომ ევროპის ბევრი ქვეყანა აკვირდება იმას, რაც ხდება საქართველოში. ხდება თუ არა ოპონენტებზე ანგარიშსწორება ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან? ისინი ამბობენ, რომ საუბარია წმინდა სისხლის სამართლებრივ საქმეებზე. მაგრამ ეს მაინც მთლად კარგად არ გამოიყურება", - განაცხადა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

"თავის დროზე ხოდორკოვსკის საქმემ მნიშვნელოვნად შეარყია ნდობა რუსეთში სამართლებრივი სახელმწიფოს მიმართ. ტიმოშენკოს საქმემ იგივე გამოიწვია უკრაინაში. ახლა საქართველოს ახალი ხელისუფლება აპატიმრებს პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს და გვეუბნება, რომ ის არ იყო კანდიდატი, რადგან, თითქოს, დარეგისტრირება ვერ მოასწრო. ისინი ალბათ სულელებად გვთვლიან. მაგრამ ჩვენ სულელები არ ვართ", - აღნიშნა ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანას იმათ შორის, ვისაც ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება სურს, "ცუდად აქვს წარმოდგენილი, რა არის ევროკავშირი", რადგან ასოცირების შეთანხმებაზეც, რომელიც წევრობას ვერც შეედრება, ევროპის ქვეყნებს შორის თანხმობა ძნელი მისაღწევია.

"ზოგიერთი პოტენციური კანდიდატი ისე იქცევა, თითქოს შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ გაგვაბედნიერებს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებში იყოს სამართლებრივი სახელმწიფო, პატივს სცემდნენ იურიდიულ პროცედურებს, იყოს სიტყვის თავისუფლება. ეს საკვანძო მომენტებია. თუ ეს არ იქნა, ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება", - განაცხადა ტომას ჰენდრიკ ილვესმა. 

კომენტარები