შსს

ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობის დაზიანებისთვის 3 პირი დააკავეს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობის დაზიანების გამო სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. სამივე პირს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი) ედება.

"საქმეზე გამოძიება სხვა დამნაშავე პირების გამოსავლენად სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მიმდინარეობს", - ნათქვამი შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა სასამართლოს მიერ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და სხვა ბრალდებულების გათავისუფლება გააპროტესტეს. შეკრებილებმა სასამართლოს შენობას ქვები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. შსს-მ იმავე დღეს პირობა დადო, რომ ახალციხის სასამართლოს შენობასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისჯებოდა.

კომენტარები