გაეროს რეზოლუცია

გაეროს რეზოლუცია საქართველოს შესახებ

მნიშვნელობა, ტენდენციები და სტრატეგია

2013 წლის 13 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მოიმატა მხარდამჭერთა რიცხვმა და კიდევ უფრო ღირსშესანიშნავია ის, რომ ეს მოხდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად. ამავდროულად, დამაფიქრებელია ის უსიამოვნო ტენდენციები, რომლებიც წელს შეიმჩნევა. მთავრობა ვალდებულია, კარგად გააანალიზოს ისინი, შესაბამისი დასკვნა გამოიტანოს და შეიმუშაოს ეფექტიანი დიპლომატიური სტრატეგია საერთაშორისო ასპარეზზე რეზოლუციის მხარდაჭერის შენარჩუნების, განმტკიცებისა და გაზრდის მიზნით.

აღნიშნული ჰუმანიტარული რეზოლუციის ძირითადი ელემენტებია: საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ყველა ადგილნაცვალი პირისა და ლტოლვილის დაბრუნების უფლების აღიარება; ამ პირთა ქონებრივი უფლებების პატივისცემა; ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობა; ყველა ადგილნაცვალი პირის, ლტოლვილისა და კონფლიქტის არეალში მცხოვრები სხვა მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა; მოწოდება ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებისადმი, რათა შექმნან ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნების ხელშემწყობი გარემო; დაბრუნებისთვის განრიგის შემუშავება; და მოთხოვნა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა მორიგ გენერალურ ასამბლეას წარუდგინოს კომპლექსური ანგარიში რეზოლუციის შესრულების შესახებ.

წლევანდელი რეზოლუციის მიღების მშრალი სტატისტიკა ასეთია: 62-მა ქვეყანამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 16-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 84-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, რაც ნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით 2-ით გაიზარდა მხარდამჭერთა რიცხვი, 1-ით (ბელარუსი) მოიმატა მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ, ხოლო 2-ით მეტმა ქვეყანამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება გეოგრაფიულ არეალს, რეზოლუციას მხარს უჭერს ევროკავშირის ყველა ქვეყანა, გარდა კვიპროსისა, რომელიც ტრადიციულად თავს იკავებს. რეზოლუციის მხარდამჭერია ხორვატია, რომელიც 1-ლ ივლისს ევროკავშირის წევრი გახდება, ასევე ევროკავშირის არაწევრი ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, სან-მარინო და ანდორა. შვეიცარია თავს იკავებს საქართველოსა და რუსეთს შორის თავის შუამავლური მისიის მომიზეზებით.

წლევანდელი კენჭისყრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს 4 მოსაზღვრე ქვეყნიდან რეზოლუციას აღარცერთი უჭერს მხარს. რუსეთი და სომხეთი წინააღმდეგნი არიან, თურქეთი თავს იკავებს, ხოლო აზერბაიჯანი, რომელიც გასულ წლებში რეზოლუციის მხარდამჭერი იყო, წელს „ტექნიკური მიზეზით" აღმოჩნდა „ცარიელი ადგილის", ანუ ოფიციალურად არდამსწრეთა სიაში.

სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ მოლდოვაა მხარდამჭერთა რიგში. ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან სლოვენია, ხორვატია, მონტენეგრო და ბოსნია-ჰერცეგოვინა რეზოლუციის მხარდამჭერნი არიან, სერბეთი წინააღმდეგია, ხოლო მაკედონია თავს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მაკედონიასთან საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რისი მიზეზიც აღნიშნული ქვეყნის ოფიციალურ სახელწოდებაზე შეუთანხმებლობაა (საქართველო ანგარიშს უწევს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი საბერძნეთის პრინციპულ წინააღმდეგობას იმის მიმართ, რომ „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია" ოფიციალურად „მაკედონიის რესპუბლიკად" მოიხსენიებოდეს).

დასავლეთ ნახევარსფეროში საქართველოს რეზოლუციას ტრადიციულად მხარს უჭერენ ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. ცენტრალური ამერიკა არამდგრადობით გამოირჩევა. მართალია, წელს პირველად აღმოჩნდა ბელიზი მხარდამჭერთა რიგებში, მაგრამ ჰონდურასმა და კოსტა-რიკამ, რომლებმაც 2012 წელს შეცვალეს თავიანთი პოზიცია და მხარდამჭერებიდან თავშეკავებულებად იქცნენ, წელსაც თავი შეიკავეს. სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანა უწინდებურად თავს იკავებს. დადებითი, მაგრამ გარკვეულწილად მერყევი მდგომარეობაა კარიბის ზღვის აუზში: გრენადამ შარშან პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, მაგრამ წელს ისევ თავშეკავება ამჯობინა. ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამა, დომინიკის თანამეგობრობა, სენტ-ლუსია და სენტ-ვინსენტი და გრენადინები რეზოლუციას მხარს უჭერენ.

ოკეანეთში მხარდამჭერები არიან ავსტრალია და ახალი ზელანდია, ისევე, როგორც ამ რეგიონის მცირე კუნძულოვან ქვეყნებს შორის – პალაუ, სამოა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ვანუატუ და ტუვალუ. აღსანიშნავია, რომ ვანუატუს ბოლო დრომდე უცნაური პოზიცია ეჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მაგრამ რეზოლუციას ტრადიციულად მხარს უჭერდა. რაც შეეხება ტუვალუს, მდგომარეობა კიდევ უფრო პარადოქსულია: ეს ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს", მაგრამ გაეროში მხარდამჭერ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს რეზოლუციაზე.

საქართველოს 4 მოსაზღვრე ქვეყნიდან რეზოლუციას აღარცერთი უჭერს მხარს. რუსეთი და სომხეთი წინააღმდეგნი არიან, თურქეთი თავს იკავებს, ხოლო აზერბაიჯანი, რომელიც გასულ წლებში რეზოლუციის მხარდამჭერი იყო, წელს „ტექნიკური მიზეზით" აღმოჩნდა „ცარიელი ადგილის", ანუ ოფიციალურად არდამსწრეთა სიაში.

აზიაში საქართველოს რეზოლუციას მხარს უჭერენ იაპონია და მალდივის რესპუბლიკა – მცირე ზომის კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით. რაც შეეხება აფრიკას, აქ კარიბის ზღვის აუზისა და ოკეანეთის მსგავსად, წლიდან წლამდე დადებითი ტენდენცია აღინიშნება, მაგრამ ამის პარალელურად, პოზიციათა მერყეობაც სახეზეა. ასე მაგალითად, მაშინ როცა ლიბერია 2012 წელს ჩვენი რეზოლუციის მხარდამჭერი იყო, წელს მან თავი შეიკავა. მცირე კუნძულოვანმა ქვეყანამ კომოროსმა შარშან რეზოლუციას მხარი დაუჭირა, წელს კი კენჭისყრაზე არ გამოცხადდა. ბურუნდიმ კი, პირიქით – თავშეკავებულთა რიგებიდან მხარდამჭერთა რიგებში გადმოინაცვლა. დადებითი დამოკიდებულებით შეიცვალა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოზიციაც. დღესდღეობით რეზოლუციის მხარდამჭერი აფრიკული ქვეყნებია: ბურუნდი, გამბია, მალავი, სომალი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

წელს რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთთან ერთად ხმა მისცეს ბელარუსმა, ვენესუელამ, ვიეტნამმა, ზიმბაბვემ, კუბამ, ლაოსმა, მიანმარმა (ბირმამ), ნაურუმ, ნიკარაგუამ, სერბეთმა, სირიამ, სომხეთმა, სუდანმა, შრი-ლანკამ და ჩრდილოეთ კორეამ. ეჭვგარეშეა, რომ ყველა ამ ქვეყანამ მოსკოვის წნეხის ქვეშ მიიღო საქართველოსადმი არამეგობრული გადაწყვეტილება.

თავშივე აღინიშნა, რომ რეზოლუცია ჰუმანიტარული ხასიათისაა, მაგრამ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, მას პოლიტიკური დატვირთვა მისცეს, რაც განსაკუთრებით აძნელებს მის მხარდასაჭერად ქვეყნების დაყოლიებას. რეზოლუციის საწინააღმდეგოდ რუსეთი შემდეგ არგუმენტებს იყენებს: იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციის სახელწოდებასა და ტექსტში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებადაა აღიარებული, პოლიტიკური სარჩული სახეზეა; 2008 წლის ომმა ახალი რეალობა შექმნა, რისი შედეგიცაა ის, რომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი" არც ფაქტობრივად და არც იურიდიულად აღარაა საქართველოს შემადგენლობაში; რეზოლუცია ხელს უშლის ჟენევის მოლაპარაკებებს, უხეშად ერევა ამ პროცესში და ამდენად, კონტრპროდუქტიულია; რეზოლუცია ცალმხრივად ასახავს ვითარებას და იმისთვის, რომ რეალური სურათი წარმოჩინდეს, საჭიროა „საქართველოსთან კონფლიქტის მონაწილე მხარეების", აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენლების მიწვევა გენერალური ასამბლეის განხილვების დროს.

იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა – მათ შორის, რეზოლუციის მოწინააღმდეგე 16 ქვეყნიდან 12 – აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მოყვანილი არგუმენტებიდან ყველაზე საკვანძო და დამაფიქრებელი ჟენევის მოლაპარაკებებზე აპელირებაა. იმ დიდი და პატარა ქვეყნების უდიდესი ნაწილი, რომლებიც თავშეკავებას არჩევენ (84 ქვეყანა), თავიანთ პოზიციას ხშირად სწორედ ასე ხსნიან გენერალურ ასამბლეაზე მისი განმარტების დროს: მათ არ სურთ, ხელი შეუშალონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. ქვეყნების რაღაც ნაწილს, ალბათ, მართლა სჯერა ამ პოზიციის სისწორის, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს ნეიტრალური პოზიციის გამართლების და რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების საშუალებაა.

არის ქვეყნების სხვა კატეგორიებიც: ზოგი სახელმწიფო ძირშივე ეწინააღმდეგება გაეროს პრაქტიკაში სახელმწიფოზე მორგებული (country-specific) რეზოლუციების მიღებას. არიან ისეთებიც, რომლებიც, საზოგადოდ, ლტოლვილთა დაბრუნების პრინციპის წინააღმდეგნი არიან თავიანთი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. რამდენიმე ქვეყანა მხარს არ უჭერს რეზოლუციას საქართველოს პროდასავლური კურსის გამო. ერთი-ორი ქვეყანა კი რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევს ხმას, რათა მოსკოვთან ურთიერთობებში დააბალანსოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარება.

საქართველოს რეზოლუცია დღევანდელი მსოფლიოს წინააღმდეგობებითა და პრობლემებით აღსავსე რეალობის მკაფიო ანარეკლია. მართალია, დასავლეთის ქვეყნები ისეთი ენთუზიაზმით არ ლობირებენ ამ რეზოლუციას, როგორსაც ისინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების დროს ავლენენ, მაგრამ პოლიტიკური დამკვირვებლისთვის ძნელი არაა რეზოლუციასა და არაღიარებას შორის პარალელების გავლება. მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუცია პირდაპირ მიანიშნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, როგორც საქართველოს ტერიტორიებზე, იგი არაღიარების პოლიტიკის ერთგვარი ინსტრუმენტიცაა. აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა გაააქტიუროს ლობისტური საქმიანობა დასავლეთის გავლენიან დედაქალაქებთან, რეზოლუციისადმი განვითარებადი ქვეყნების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ წელს რეზოლუციის განხილვის დროს რუსეთის სახელით განცხადება გაეროში მისმა მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა გააკეთა, განსხვავებით წინა წლებისაგან, როდესაც ქართული რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ გაეროს წევრ ქვეყნებს მისი მოადგილე მოუწოდებდა ხოლმე. ჩურკინის გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ზეწოლა საქართველოზე ძლიერდება, რათა აიძულოს საქართველოს მთავრობა, უარი თქვას მომავალ წლებში რეზოლუციის გატანაზე.

დამაფიქრებელია ბელარუსის მიერ ნეიტრალური პოზიციის შეცვლა რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემით. მინსკს მოსკოვის ზეწოლა არც წინა წლებში აკლდა, მაგრამ ბელარუსისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა და საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძის დიპლომატია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ევროკავშირთან ურთიერთობებში, რომ მოსკოვის წნეხის მიუხედავად, თბილისის გულის მოგება უღირდა. ბელარუსის წლევანდელი პოზიცია პრემიერმინისტრ ივანიშვილისთვის იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვზე უკიდურესად დამოკიდებული ქვეყნებიც კი, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობათა „დათბობაზე" მეტად, თბილისის სარგებლიანობას და დიპლომატიურ სიმწიფეს აფასებენ.

რაც შეეხება აზერბაიჯანის პოზიციას, კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაეროში მისმა მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუციის სასარგებლოდ მისცა ხმა, მაგრამ „ტექნიკური მიზეზის გამო" მისი პოზიცია შედეგებში არ აისახა. უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანს გამოცდილი წარმომადგენელი ჰყავს გაეროში და მას არ უნდა გასჭირვებოდა სხდომის წამყვანის ყურადღების მიპყრობა თავისი პოზიციის გამოსახატავად, სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდა გაეროს რეგლამენტის შესაბამისად. ფაქტია, რომ მან ეს უფლება არ გამოიყენა და, აქედან გამომდინარე, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ აზერბაიჯანის „ტექნიკური მიზეზი" სინამდვილეში პროტესტის გამოხატვის თავისებური ფორმაა ბაქოსადმი საქართველოს დღევანდელი მთავრობის ნელთბილი დამოკიდებულების საპასუხოდ.

დევნილთა უფლებების შესახებ საქართველოს რეზოლუციას 2008 წელს მხოლოდ 14 მხარდამჭერი ჰყავდა 11-ის წინააღმდეგ. საქართველოს წინა მთავრობისა და ქართული დიპლომატიის, განსაკუთრებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლობის და მისი ხელმძღვანელის, ელჩ ალექსანდრე ლომაიას დიდი მეცადინეობის შედეგად, წლიდან წლამდე იზრდებოდა მხარდამჭერთა რიცხვი. 2012 წელს 60-მა ქვეყანამ დაგვიჭირა მხარი 15-ის წინააღმდეგ. ის, რომ წელს მხარდამჭერთა რიცხვი 62 გახდა, წინა წლებში გაწეული მუშაობის შედეგიცაა და ახალი მთავრობის ძალისხმევისაც. ამასთან, დამაფიქრებელია ბელარუსის პოზიციის გაუარესება და აზერბაიჯანული ლაფსუსი.

აუცილებელია, საქართველოს დღევანდელ მთავრობას ჰქონდეს იმის განცდა, რომ დევნილთა რეზოლუციის წლევანდელი შედეგები მისი მონაპოვარიცაა, რაც, სავარაუდოდ, მას მუშაობის გააქტიურების სურვილს გაუჩენს. ამასთან, დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს ის სისხლხორცეული კავშირი, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და რეზოლუციის მხარდამჭერ კამპანიას შორის არსებობს. განვითარებადი ქვეყნების საქართველოთი დაინტერესება რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

საჭიროა, აღდგეს წინა წლების პრაქტიკა, რომელიც მოიცავს გაეროში განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტს. ასევე, აუცილებელია საგარეო საქმეთა მინისტრისა და მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტები აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის ქვეყნებში და სხვა სახის დიპლომატიური ძალისხმევა საქართველოს რეფორმების გაზიარების, საქართველოში უცხოელ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისა და განვითარებადი ქვეყნებისათვის მიზნობრივი დახმარების გაწევის კუთხით.

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიურობა, ლიბერალური სავიზო რეჟიმი და რეფორმატორული იმიჯი იყო ის ფაქტორები, რომლებიც რეგიონულ პროექტებში მონაწილეობის კვალდაკვალ ამყარებდა არაღიარების პოლიტიკას და ხელს უწყობდა ქართველ დევნილთა შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმატებით ჩატარებას. ეს ის დადებითი გამოცდილებაა, რომელიც დღევანდელმა მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

კომენტარები