ციხის სკანდალი

ბედუკაძის ადვოკატი: პრემიერი "უხერხულ მდგომარეობაში" ჩააგდეს

timer.ge

მთავარი პროკურორისადმი პრემიერმინისტრის მიმართვას, რომელშიც იგი კბილაშვილს ბედუკაძის საქმის გადახედვას სთხოვს, გამოეხმაურა ბედუკაძის ადვოკატი ელზა ჯმუხაძე. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში ჯმუხაძე აცხადებს, რომ პრემიერი "არ არის იურისტი" და "უხერხულ მდგომარეობაში" ჩააგდეს, ვინაიდან პროკურატურა სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ვერ გადახედავს.

"სრული სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, ბედუკაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო. რადგან არსებობს კანონი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ პირის უშუალო ხელშეწყობით გაიხსნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამ განაჩენის გადასინჯვის ერთადერთი საშუალება არსებობს - გასაჩივრება. სხვა შემთხვევაში, განაჩენი რჩება ძალაში. პროკურატურამ სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი როგორ უნდა გადასინჯოს? ეს იმას მიუთითებს, რომ პრემიერი არ არის იურისტი. მგონია, რომ მან მოიხადა ვალი და განცხადება გააკეთა გადასინჯეთო", - აღნიშნა ჯმუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბედუკაძის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილმა არჩილ კბილაშვილს დღეს, 8 ივლისს მიმართა. პრემიერის მოთხოვნას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც იზიარებს და აცხადებს, რომ "ბედუკაძის მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილება და ღონისძიება ეჭვს იწვევს... და ვეთანხმები იმას, რომ ეს არის გადასახედი".

საინფორმაციო სააგენტო ინტეპრესნიუსთან საუბარში არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრს ხვალ, 9 ივლისს პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

კომენტარები