საქართველო-საფრანგეთი

ფანჯიკიძე ფრანგ კოლეგას შეხვდა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ფრანგ კოლეგას, ლორან ფაბიუსს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები მიმოიხილეს. ისაუბრეს რეგიონული პოლიტიკის საკითხებზე, საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე. მაია ფანჯიკიძემ ლორან ფაბიუსს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, კოაბიტაციის პროცესსა და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსი საქართველოში მოიწვია.

"საფრანგეთსა და საქართველოს შორის ფანტასტიკური ურთიერთობებია. დიდი სიამოვნებით მივიღე ქართველი კოლეგა, ჩვენ მიმოვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. საფრანგეთსა და საქართველოს შორის აქტიურად ვითარდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობებიც. ვისაუბრეთ რეგიონულ საკითხებზე და ჩვენი ხედვა ამ კუთხით ერთმანეთს ემთხვევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმიწვია საქართველოში და მე შევეცდები, რაც შეიძლება მოკლე დროში მოვახერხო ამ ვიზიტის განხორციელება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლორან ფაბიუსმა.

როგორც შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საფრანგეთი ვილნიუსის სამიტის წინ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას სრულად უჭერს მხარს.

მინისტრის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის დროს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე ისაუბრეს. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, საფრანგეთის მხრიდან დიდია დაინტერესება და პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს ეკონომიკური ურთიერთობა. შეხვედრაზე მინისტრები ასევე შეეხნენ პრობლემატურ საკითხებსაც, რაც საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობას უკავშირდება.

კომენტარები