რელიგია

ევროპული და ორთოდოქსული კულტურები

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ქართული საეკლესიო იერარქიის ამომავალმა ვარსკვლავმა, მეუფე იაკობმა, 17 მაისის დარბევის შემდეგ ერთგვარი სიამაყით გამოაცხადა - ევროპა ისეთებს მიგვიღებს, როგორებიც ვართო. თავად ამ განცხადებაში მოულოდნელი არაფერია. მართლაც, თუ ბულგარეთი და საბერძნეთი მიიღეს ევროკავშირში, რატომ არ შეიძლება იგივე შეთავაზება საქართველომაც მიიღოს. მიუხედავად საქართველოში გამეფებული ანტიევროპული გამოხდომებისა - რელიგიური და სექსუალური შეუწყნარებლობა, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები, ეკლესიის უხეში ჩარევა საერო საქმეებში - ძნელი წარმოსადგენია, ბერძნული, ბულგარული ან თუნდაც სერბული ეროვნული მენტალიტეტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ქართულისგან. უბრალოდ, ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია აიძულებს ამ ქვეყნებს თავიანთი „ნაციონალური ვნებები და კულტურალური წარმოდგენები" ევროპულ ღირებულებებს დაუქვემდებარონ, რაც შეიძლება მათ სრულიადაც არ ეპიტნავებოდეთ.

მაგრამ, თუ ზემოჩამოთვლილი ქვეყნებისთვის ევროპა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გეოგრაფიული ბედისწერაა, „ძირძველი ევროპული ქვეყნის", საქართველოსთვის, კითხვა ასე ისმის: საქმე საქმეზე თუ მიდგა და ევროპამ კარები გაგვიღო, მოინდომებს კი საქართველო ამ კარებში შესვლას? დაეჭვების საფუძველს მაძლევს ის გადაულახავი შინაგანი წინააღმდეგობა, რაც ევროპულ და ორთოდოქსულ ქრისტიანულ კულტურებს შორის არსებობს. მით უმეტეს მაშინ, როცა თანამედროვე ქართველი საკუთარ „მე"-ს ორთოდოქსულ ეკლესიასთან მიმართებაში პოულობს და როცა ცნობილი „მამული, ენა, სარწმუნოების" ტრიადიდან უკანასკნელი ხდება ქართველობის მთავარი განმსაზღვრელი.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რიტორიკის დონეზე თითქოს ერიც და ბერიც ევროპისკენ იყურება, მტრული დამოკიდებულება დასავლეთისადმი და „უნიკალურად ქართული და მართლმადიდებლური" გზით სიარულისკენ მოწოდებები აშკარად მიუთითებს ქართული ცნობიერების გაორებაზე. ეს გაორება კი ასახვაა იმ წინააღმდეგობისა, რაც დასავლური და მართლმადიდებლური ცნობიერებების ურთიერთობებს ახასიათებს.

ორთოდოქსული ეკლესიის იდეოლოგია ამტკიცებს, რომ დასავლეთი („დასავლეთში" აქ იგულისხმება არა კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ კათოლიკური და პროტესტანტული კულტურის მატარებელი ქვეყნები, ორივე ამერიკის ჩათვლით) არის ზედაპირული, მას აკლია „სულიერება". უფრო ზუსტად კი, „დასავლეთს" არ აქვს მისტიკურის, საკრალურის, წმიდათაწმიდის განცდის უნარი, რომ ევროპა რაციონალური და, შესაბამისად, ანტიმისტიკური, ანტისაკრამენტალურია.

და ეს მართლაც ასეა! ევროპა, როგორც იდეა, აშენებულია განმანათლებლობის ეპოქის სულისკვეთებაზე, იმ ეპოქის სულისკვეთებაზე, რომელმაც გონის (reason) უპირატესობა წარმოაჩინა, შექმნა ახალი სოციალური წარმოდგენები, რომლებიც გონის, „რაციოს" გამოყენებით უპირისპირდებიან ტრადიციასა და რწმენაზე აგებულ იდეებს, ხაზი გაუსვა სამეცნიერო მეთოდით აღმოჩენილი ცოდნის პრიორიტეტს მისტიკურ ცოდნასთან შედარებით.

სწორედ ეს სულისკვეთებაა შინაგანად მიუღებელი ორთოდოქსული კულტურისთვის. მისთვის რაციონალიზმი („დაცემული ანგელოზის ლუციფერიანული გონების კულტი") არის ანტიმისტიკური, ანტისაკრამენტალური - საკრამენტალურში მოიაზრება „საიდუმლო", გონისთვის მიუწვდომელი, მაგიური ძალის მქონე საეკლესიო რიტუალური პრაქტიკა.

ორთოდოქსი თეოლოგის, ალექსანდრე შმემანის განცხადებით, დასავლურ ქრისტიანულ რელიგიებს „ეშინიათ წმინდა საიდუმლოებათა ყოველგვარი მაგიური გაგება და მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი თავიდან აიცილა დასავლური საკრამენტალური რაციონალიზმის საშიშროება".

ჭეშმარიტად ასეა, კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმში განმანათლებლობის ეპოქით შემოტანილი, გონის, „რაციოს", იმპულსი არათუ აისახა, არამედ ამ რელიგიებმა თავად ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ამ ეპოქის ფორმირებაში. ფარულზე და მისტიკურზე ფოკუსირებული მართლმადიდებლობა პროგრესს ძნელად ეგუება, აზრის შემოტანა რელიგიურ პრაქტიკაში, („საკრამენტალური რაციონალიზმი"), შინაგან წინააღმდეგობაშია მის სწავლებასთან, თვლის, რომ მაგიურის, საკრამენტალურის „ვერგამზიარებელი" ევროპა ადამიანური გონის (reason) ტყვეობაში იმყოფება.

ორთოდოქსული საკრამენტალური ცნობიერების ევროპული „გონის ცნობიერებასთან" დაპირისპირების ნათელ მაგალითად გამოდგებოდა ორთოდოქსული საეკლესიო კალენდარი, რომელიც სიზუსტეს არად დაგიდევს და ასტროლოგიურ 7 იანვარს 25 დეკემბრად მოიხსენიებს. ორთოდოქსული კულტურისთვის მათემატიკური განზომილება, დრო, უკანა პლანზე გადადის როცა საქმე რიტუალს, მაგიას, მისტიკურ საიდულოებას ეხება. ეკლესიის მამების მიერ ხელოვნურად შემოღებული („სულიწმინდის მიერ ნაკარნახევი") კალენდრის ჩანაცვლების მცდელობა ასტროლოგიურად ზუსტი „დასავლური კალენდრით" ორთოდოქსული სწავლების მიერ ფიზიკური განზომილების, დროის, მიმართ კერპთაყვანისმცემლობის გამოვლინებადაც არის წარმოდგენილი. ის თვლის, რომ „დროის კულტი" მიწიერზე დამოკიდებულების გამოხატულებაა, მაშინ, როცა ეკლესია დროისმიღმურობის, მარადისობის, იდეალის სფეროს მიეკუთვნება.

მერაბ მამარდაშვილი სწორედ ამ დაპირისპირებას უსვამს ხაზს, როდესაც ამბობს, რომ „ორთოდოქსული კულტურა, განსხვავებით ევროპული კულტურისგან, იდეალურობით არის შეპყრობილი, ევროპული კულტურა დაფუძნებულია განხორციელების იდეაზე, იმაზე, რომ ყველაფერს მიეცეს ფორმა, პოლიტიკურ ცხოვრებას, სულიერ ცხოვრებას; მთავარია ფორმის მიცემა".

იდეალურობით შეპყრობილი ორთოდოქსული ცნობიერებისთვის კი ჭეშმარიტების ძიება ფორმის, აზრის მიცემის თუ აზრში ჩაყოლის ევროპულ სურვილს არ ითვალისწინებს, რამეთუ, „საგანი ან კონკრეტული ფორმა არასოდეს არ არის იდეალი, ხოლო თუ ეს იდეალი არ არის, არაფერიც არ არის" - მამარდაშვილი.

თუ ბონავენტურასა და აკვინატისთვის „შესაქმის" ანეკდოტები წანამძღვარია, რომელიც აზრის გაფორმებით, სილოგიზმების კასკადით სრულდება, ორთოდოქსული ცნობიერება წანამძღვარზევე ჩერდება. ის მტკიცებას, აზრად ფორმირებას, არ მოითხოვს, მისთვის წმინდა მამების მისტიკური ხილვებია გზისგამკვლევი, ხილვებისშემდგომი ევროპული არტიკულაციის გამოკლებით.

ზეცაში მოპოვებული ჭეშმარიტება („იდეალი"), რომელიც განსჯას (ფორმის მიცემას) არ ექვემდებარება, რომელიც იდეალადვე რჩება, ბუნებრივია, რომ იქნება „ერთადერთი და შეუცვლელი", რომლის არგამზიარებელი ავტომატურად ხდება „მწვალებელი" და აგრესიის ობიექტი. რომის ახალი პაპის ამასწინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ათეისტებიც შეიძლება მოხვდნენ სასუფეველში, ამ რელიგიის შინაგანი განვითარების უნარის მაჩვენებელია, რაც თითქმის შეუძლებელია წარმოიშვას კანონიკური ჩარჩოებით დასტრუქტურებულ ორთოდოქსულ ცნობიერებაში.

ის, რაც „გონის კულტით შეპყრობილი" ვროპული ცნობიერებისთვის სიზმარი და ფანტაზიაა, ორთოდოქსული ცნობიერებისთვის შეიძლება მისტიკური ჭეშმარიტება იყოს, რომელიც განსჯას არ ექვემდებარება. ის, რაც გონზე ორიენტირებული ცნობიერებისთვის აბსურდად ჟღერს (მაგალითად, ისეთი განაცხადი, რომ ქრისტე მეორედ მოსვლისას ქართულად ამეტყველდება, ან „საქართველო იქნება გზისგამკვლევი გზააცდენილი სამყაროსთვის, მას სულიერი განვითარების წინამძღოლად დაუდგება" და ა.შ.), გონისთვის მიუწვდომელ, მისტიციზმზე ორიენტირებული მართმადიდებლური ცნობიერებისთვის მისაღები და გასაგებია.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილს იხსენებს: „ხუთშაბათობით სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებს ერთობლივად საჯაროდ უნდა გვეკითხა რომელიღაც რუმინელი ბერის ვიზიონები, სადაც ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ საქართველოს ეკლესია გადაურჩებოდა ანტიქრისტეს ბატონობას, გაბრწყინდებოდა და მთელ მსოფლიოს ამხელდა". იდეალზე ორიენტირებული ორთოდოქსული ცნობიერებიდანაც გამომდინარეობს ისიც, რომ ქართველი ჯეროვნად ვერ აფასებს რაც გააჩნია, ვერ ხედავს შემდგარ პროგრესს, შედარებითი კეთილდღეობის პირობებში ადვილად ივიწყებს შიმშილს და სიცივეს, მისთვის ყველაფერი ჩვეულებრივია. რადგან „კონკრეტული არ შეიძლება იყოს იდეალი და თუ იდეალი არ არის, მაშინ ის არაფერია" - მამარდაშვილი.

ბავშვურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიური მდგომარეობის მიმართ, იდეალის („მისტიკური წერტილის" - მამარდაშვილი) გაკულტებიდანაც გამომდინარეობს - სახელმწიფოს შენების მტკივნეული პროცესი არ ნიშნავს ქვეყნის განვითარებას, „გადარჩენას", როგორც ქართველებს უყვართ თქმა. საქართველო ღვთის რჩეულობით და „ჭეშმარიტი სარწმუნოების დამოწმებით" გადარჩება. რომ სახელმწიფო აშენდება ღმერთის ნებით და ქართველის ერთადერთი მოვალეობაა „მართმადიდებლურ მრწამსს არ გადაუხვიოს". აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს, რომ უნდა გაგრძელდეს წინა, „არაქართული" და „არამართლმადიდებლური" ხელისუფლების აშენებულის ნგრევა და მისი ლიდერების დასჯა.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ეკლესიის უმაგალითო აღზევებაში, შინაგანი მიუღებლობა ამ ეკლესიისა ევროპაზე ორიენტირებული ხელისუფლებისადმი იმთავითვე არსებობდა.
სამაგიეროდ, გაუფორმებელი, სიზმრისმიერი, რეალობიდან ოცნებისკენ, იდეალისკენ სწრაფვადი ორთოდოქსული კულტურა არანაირ წინააღმდეგობაში არ შედის საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებასთან, რომელიც ფაქტობრივად მან მოიყვანა ძალაუფლების სათავეში. თავად ის ფაქტია მრავლისმეტყველი, რომ ხელისუფლების სათავეში მოსულია ძალა, რომელიც თავის თავს „ოცნებას" უწოდებს.

„ოცნებად" წოდებული ხელისუფლება თავის თავისთვის გაუცნობიერებლად იზიარებს საქართველოს განვითარების ეკლესიურ, ფანტაზიაზე და იდეალზე აგებულ იდეას. აქ მხედველობაში არ მაქვს ის უნისონი, რაც მართლმადიდებლური ეკლესიისა და ამ ხელისუფლების ურთიერთობაში გამოვლინდა - „ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონი", „ეშმაკისეული" 666 რიცხვის დაუცხრომელი ძებნა, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა, თუნდაც მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური რიტორაკა, - მხედველობაში მაქვს ამ ხელისუფლების ზერელე და ერთგვარად უდარდელი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს იდეის მიმართ. გასაგებია, რომ „ოცნების" შემადგენლობაში ბევრი აგნოსტიკოსი შეიძლება იყოს, თავად პრემიერსაც მართლმადიდებლურ ფანატიკოსობას ვერ დასწამებ, და მაინც, ხელისუფლების მართვის სტილი ძალზე ჰგავს ორთოდოქსულ თეოლოგიის სახელმწიფოს განვითარების ზემოთ მოყვანილ იდეას - ქვეყნის შენება მეორეხარისხოვანია, ქვეყანას ღმერთი, რწმენა, და ა.შ. გადაარჩენს.

„ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე საქართველომ რეგიონში გამორჩეული დემოკრატიული განვითარების სახელმწიფოს იმიჯი მოიპოვა. არგუმენტის სახით მოდით დავუშვათ, რომ ყველაფერი პირიქით იყო, რომ სახელმწიფოში კორუფცია არ აღმოფხვრილა, რომ ბიზნსესს სახელმწიფო გასაქანს არ აძლევდა, რომ ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე ილახებოდა და ა.შ.

თუ მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ (შენი დამპყრობლის გამოკლებით) დაიჯერა „სააკაშვილის ტყუილი", რომელ სახელმწიფოებრივ ინტერესებში შედის ამ დაჯერებულის (თუნდაც ტყუილის) გაქარწყლება და პირზე დუჟმომდგარი ყვირილი იმაზე, რომ საქართველო დიქტატურა იყო, ტერორისტებს ამზადებდა, 200 პოლიტპატიმარი ჰყავდა, ქართული სპეცსამსახურები აფხაზი „ბოევიკების" ჯგუფის განადგურებაში მონაწილეობდნენ და ა.შ.? მით უმეტეს, როცა უკვე მოსული ხარ ხელისუფლების სათავეში და შეგიძლია ქვეყნის უკვე არსებულ „პოზიტიურ იმიჯზე" გააგრძელო შენებური ხედვით სახელმწიფოს მშენებლობა.

არცთუ დიდი ხნის წინათ თეირანში ორი ბირთვული ფიზიკოსი მოკლეს. „მოსადის" ხელის ვერდანახვა ამ ტერორისტულ აქტებში ძალიან ძნელია. ისრაელის რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ დააბრალა თავის სახელმწიფოს ტერორისტობა? მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული პარტიები იქაც ბევრია, ყველა პოლიტიკური ძალა, როგორც ერთი, სახელმწიფოებრივ პლატფორმაზე დარჩა და თეირანულ მკვლელობებზე კომენტარები არ გაკეთებულა.

„ოცნება" კი უკვე შექმნილ სახელმწიფოებრივ ფორმას მოწადინებულად ანგრევს („კონკრეტული ფორმა იდეალი არ არის, ესე იგი, არაფრად არ ღირს") და იდეალური სახელმწიფოს შექმნისთვის იღვწის. იდეალური კი შინაგანად ვერ იღებს კონკრეტულს, მასში ყოველთვის „სიმახინჯეს" ხედავს. ასეთი იდეალიზმის გაკულტება სახელმწიფო მართვაში ამჟღავნებს შინაგან კავშირს ორთოდოქსულ ცნობიერებასთან. იდელიზმით შეპყრობილობის მსგავს მაგალითს უახლესი ისტორიიდან რუსი ბოლშევიკები იძლევიან, დანგრეულზე როგორი „იდეალური" ქვეყანა ააშენეს, ესეც გასახსენებელია.

თუ გავაგრძელებთ ისტორიულ ანალებში ქექვას, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ჰქონია მცირე გამონათებები, როცა ევროპული ცნობიერებით უცხოვრია. მეოცე საუკუნის დასაწყისში არარელიგიურმა პარტიებმა, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ძირითადად შეძლეს ევროპის „შემოტანა" საქართველოში. მაშინდელი მოდური მარქსისტული სწავლებით ქართველი ისე აღფრთოვანდა (აბა, ქართველები მოდისადმი გულგრილები როგორ დარჩებოდნენ?), რომ მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებებში ჩაწერა მარქსიზმის და სხვა მოდური ევროპული პოლიტიკური სწავლებების გასაცნობად. თუ მანამდე, ქართულ კულტურაში ორთოდოქსული ეკლესიის ბატონობისას, ქართველის ცნობიერება სიზმრისმიერი იყო, ქართველების ემოციური და ინტელექტუალური სამყარო, გაჯერებული ზღაპრების, მითოსის და ფანტაზიების ტვირთით, სეკულარული ევროპული ტიპის პოლიტიკური პარტიების დამსახურებით, კუდიანების, ეშმაკების, ქაჯების და მისთანანის ზღაპრულმა სამყარომ უკანა პლამზე გადაიწია, საქართველოს ყველა კუთხეში სოფლის მოსახლეობა საათობით უსმენდა (და თავად იღებდა მონაწილეობას) განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობების „დიალექტიკურ პაექრობებს". ილიას მიერ დაწყებულ ქართული ცნობიერების რევოლუციას - ევროპული აზროვნების წესის შემოტანას - მძლავრი ბიძგი არარელიგიურმა პარტიებმა, პირველ რიგში, ათეისტმა სოციალ- დემოკრატებმა მისცეს, რაც საბოლოოდ 1918-21 წლების პირველ რესპუბლიკად წოდებულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში გამოიხატა.

გადამწყვეტი ამ სახელმწიფოს აშენებაში იყო ორთოდოქსული ცნობიერებიდან გამოსვლა და ევროპული „გონის ცნობიერების" გათავისება, მართლმადიდებლური სარწმუნოების, როგორც ქართული იდენტურობის ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) განმსაზღვრელ მომენტად აღქმა.

ხაზგასასმელია, რომ ორთოდოქსული ცნობიერებისთვის კონკრეტული ეროვნულ-კულტურალურისადმი დაქვემდებარება მიუღებელია. საერთო მართლმადიდებლურ სივრცეში რუსეთთან ერთად ყოფნა უბრალო რიტორიკა არ არის და ის ამ ცნობიერების არსიდან გამომდინარეობს. კანონიკური ჩარჩოების ნგრევა სხვასთან, განსხვავებულ, არამართლმადიდებლურ, კულტურასთან გაერთიანების გზით მისთვის თითქმის გადაულახავი წინააღმდეგობაა. მაკედონიის ორთოდოქსული ეკლესიის მიერ სერბეთის ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოყოფის და ავტოკეფალიის ძიებამ მართლმადიდებლური ეკლესიების კავშირიდან მისი გაძევება გამოიწვია. მთავარ ცოდვად „ვატიკანის მიერ დასპონსორებულ" მაკედონიის მართლმადიდებლურ ეკლესიას ის ჩაუთვალეს, რომ მან „ქრისტე ნაციონალური დროშით ჩაანაცვლა".

თუ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გადაწყვეტს, რომ ქრისტეს გზა („რომელიც გადაგვარჩენს") ეწინააღმდეგება ევროპაში გაწევრიანების გზას, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო? ირწმუნებს, ანუ დარჩება მართლმადიდებლურ ცნობიერებაში, თუ შეეცდება ევროპულ „გონის კულტს" მიაგოს საკმეველი და პირველი რესპუბლიკის ისტორიული გამოცდილება გაიხსენოს? იქნებ აქა-იქ „საკრალურის რაციონალიზაცია" არ არის ცუდი? იქნებ რწმენა, კრიტიკული აზროვნების განზრახ შეჩერება, ყოველთვის არ გადაგვარჩენს?

წერილის ბოლოს ერთი ძველი ანეკდოტი მინდა მოვიყვანო: მარტოხელა კოვბოის ინდიელების ჯგუფი მოსდევს მოსაკლავად, ეს-ესაა დაიჭერენ, მოულოდნელად კოვბოის შინაგანი ხმა უბრძანებს გაჩერდეს და მდევნელებისკენ შემობრუნდეს. გაოცებული ინდიელებიც შედგებიან, „ბელადს მიუახლოვდი და სახეში შეაფურთხე", - ეუბნება შინაგანი ხმა. კოვბოი იწამებს და დაემორჩილება. ინდიელების ბელადი სახიდან ფურთხს მოიწმენდს და შემფურთხებელს თვალს თვალში გაუყრის. „აი, ახლა კი დაგერხა", - ბოლოჯერ ესმის რწმენით ძალამიცემულ კოვბოის შინაგანი ხმა.

კომენტარები