ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: მერიის მაღალჩინოსნების საქმე რუსთავის რაიონულ სასამართლოს გადაეცა

მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს. როგორც საგანგებო ბრიფინგისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, ხელისუფლება სამართლებრივი ხრიკებითა და მაქინაციებით ცდილობს სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს.  

”ყველას კარგად მოეხსენება, რომ გუშინწინ დილას, საკრებულოსა და მერიის მაღალჩინოსნები, როგორც პოლიტიკური, ისე არაპოლიტიკური თანამდებობის პირები, უკანონოდ დააკავეს. ატარეს თბილისის ქუჩებსა თუ ფინანსთა სამინისტროს შენობაში და შემდეგ გაათავისუფლეს გაურკვეველი მოტივითა და მიზეზით. შესაბამისად, ადვოკატს უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა, რომ საქმე ასცილებოდა უკანონობის ჩამდენ უწყებას, ფინანსურ პოლიციას და გამოძიებისთვის საჭირო მასალები და საქმე წაეღო საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა გამოეძიებინა მისი ქვემდგომი და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ფინანსური პოლიციის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ადვოკატის მხრიდან შევიდა ასეთი შუამდგომლობა, თუმცა ხელისუფლებამ და პროკურატურამ მიიღო აბსოლუტურად გაუგონარი გადაწყვეტილება, რასაც უცოდინრობაზე მეტად სამართლებრივი მაქინაციის ნიშნები აქვს. საქმე, ნაცვლად იმისა რომ ფინანსურ პოლიციას საერთოდ ჩამორთმეოდა და გადასცემოდა მთავარ პროკურატურას, გადაეცა ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის სამმართველოს. შესაბამისად, საქმე ავტომატურ რეჟიმში, ქვემდებარების პრინციპით უნდა განიხილოს რუსთავის რაიონულმა სასამართლომ. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვინაიდან გვახსოვს რა მოხდა ქუთაისის სასამართლოს შემთხვევაში, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ძალიან აქტიური ზეწოლა რუსთავის რაიონულ სასამართლოზე, რომ მერიის თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უკვე უნდა ჩაინიშნოს. ჩვენ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება შეწყვეტს სამართლებრივი ხრიკებითა და სრულიად ცალსახა უკანონობის გამოყენებით ზეწოლას სასამართლოზე და მანიპულირებას საკუთარ საგამოძიებო ორგანოებზე”, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავება. ამ ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა დააკავა - თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე. თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

კომენტარები