ჯანდაცვის სისტემა

სერგეენკო: 1-ლი ივლისიდან სოციალური დახმარება გაიზრდება

facebook.com/mohgovge

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, პირველი ივლისიდან სოციალური დახმარება გაიზრდება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კი გაფართოვდება. მინისტრის თქმით, პირველი ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სოციალური დახმარება გაორმაგდება. ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე - 24 ლარის ნაცვლად 48 ლარი. გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას 144 000 ოჯახი მიიღებს.

ამასთან, 1-ლი ივლისიდან ასევე ფართოვდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმის კონსულტაციებს, გეგმიური სამედიცინო დახმარება დაემატება. უფასო იქნება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები. გეგმიური ოპერაციები დაფინანსდება წლიური ლიმიტით - 15 000 ლარით და დაფინანსება იქნება 70%, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის წლიური ლიმიტი 12 000 იქნება და დაფინანსდება 80%-ით. ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა, ფიზიოლოგიური - 500 ლარით, საკეისრო კვეთა - 800 ლარით დაფინანსდება.

ამ დახმარებებს მიიღებენ ის პირები, რომელთაც 28 თებერვლამდე არ გააჩნდათ არანაირი დაზღვევა. ასევე ის პირები, რომლებსაც 1-ლი ივლისიდან სხვადასხვა მიზეზების გამო სამედიცინო დაზღვევა შეუწყდებათ. ის პირები, რომლებიც კერძო დაზღვევაში აღარ იქნებიან სხვადასხვა მიზეზების გამო, 1-ლი ივლისის შემდეგ, მიიღებენ მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმის უფასო კონსულტაციებს.

სახელმწიფო დაზღვევაში 28 თებერვლიდან დღემდე 1 347 000 ადამიანი დარეგისტრირდა. ამ დროისთვის ამ ადამიანების სამედიცინო დახმარებაზე 6 361 000 ლარია დახარჯული.

კომენტარები