ისრაელში საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი დაიწყო. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სთან გაიმართება. პრემიერი საქართველოდან ისრაელში წასულ ებრაელებთან შეხვედრასაც გეგმავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერმინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან.
ივანიშვილი ისრაელში ვიზიტს 25 ივნისს დაასრულებს.





