წამება და არაადამიანური მოპყრობა

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხს გამჭვირვალედ, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიებს

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე წარდგენილ იქნა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი მასალები. დაკავებული არიან ძალოვანი უწყებების როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები. ჩვენ ვთვლით, რომ საქმე გვაქვს იმდენად მძიმე დანაშაულთან, რომ, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე, სრულიად მკაფიოდ უნდა ითქვას - ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა, გეგმავდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და ავრცელებდა ამის ამსახველ მასალას, უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია საჭიროდ თვლის შეიქმნას საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხს გამჭვირვალედ, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიებს. საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია იმისათვის, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოიყენონ ამ აღმაშფოთებელი ფაქტების გამოძიების პროცესი და მისი მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები არა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიის საწარმოებლად, არამედ რეალური დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად", - ნათქვამია განცხადებაში. 

ნაციონალური მოძრაობის წევრთა აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ციხეში პატიმართა წამებაში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ვლადიმერ ბედუკაძე, პოლიტიკური მოტივებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მთლიანად გათავისუფლდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური მიზეზებით, პატიმართა წამებაში მონაწილე სხვადასხვა პირებმა, მათ შორის, ბორის ფარულავამ (მეტსახელად ბუბუ) და სხვებმა უკვე დატოვეს საპატიმროები. იგივე საქმეში მონაწილე კიდევ ხუთ პირს კი არაადეკვატურად რბილი სასჯელი მიესაჯა.

"სხვადასხვა სახის უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ გამოძიება დაუსაბუთებელ ლმობიერებას იჩენს, თუკი ეს პირები მოქმედი ძალოვანი სტრუქტურების წევრები, ხელმძღვანელები ან მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პირები არიან. ამის მაგალითია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძისთვის არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელის მოთხოვნა. ის მოხელეები კი, რომელნიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალით დაშანტაჟებაში მონაწილეობდნენ, ჯერაც დაუსჯელნი არიან. 
მძიმე დანაშაულის გამოვლენისა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისათვის მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ - პოლიტიკურ ფაქტორებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნით შეძლებს თავიდან აიცილოს პოლიტიკური მიკერძოება და დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები