ნაციონალური მოძრაობა

საყვარელიძე: შსს-ს მიერ ნაპოვნი სამალავები სახელმწიფო საიდუმლო იყო

primetimenews.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით საყვარელიძე შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ სამალავის აღმოჩენას ეხმაურება. საყვარელიძის თქმით, იარაღის და ტყვია-წამლის საწყობები გასულ წლებში იყო საგანგებოდ შექმნილი თავდაცვის სამინისტროს მიერ, განკუთვნილი იყო შემოვლითი გზების გამოყენებით სპეცდანიშნულების შენაერთებისთვის. საყვარელიძის თქმით, სამალავები საიდუმო გრიფით დოკუმენტებით არის დამტკიცებული, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში ინახება.

პარლამენტარის განცხადებით, საომარი მოქმედებების დროს ეს იარაღი უნდა გამოეყენებინათ სამხედრო შენაერთებს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების დროს, იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა თავდასხმა რომელიმე სამხედრო ბაზაზე. საყვარელიძის თქმით, სამალავებში ნარკოტიკები და "დღიურები" შსს-მ დაამატა. ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო საიდუმლოებას ასე ახმაურებს და ბინძურად იყენებს. 

"სამწუხაროც აღარაა უკვე, საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება ხდება და ასე ბინძურად გამოყენება ისევ და ისევ ე. წ. თალიბების ვიდეოების ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გადასაფარად. სამალავში იარაღს ჩააყარეს სუბუტექსები, დღიურები და რაღაც გაუგებარი ვიდეოფირები, რითაც დასაცინად გაიხადეს თავი ოკუპანტების წინაშე პირველ რიგში. იმ დროს, როდესაც შსს დაკავებულია საქართველოს სახემწიფოს მიერ თავის დასაცავად შექმნილი სამალავების ვითომდა აღმოჩენით და შიგნით სუბუტექსის ჩაყრით, იმავე დროს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ორსანტიაში გადმოდიან 14-კაციანი ჯგუფით რუსები და სრულიად დამამცირებლად ატარებენ სოფლის ჩხრეკას! რაზედაც ვღებულობთ სახელმწიფო რეაქციას "შეიძლება ითქვას, ზრდილობიანად იქცეოდნენ ოკუპანტებიო"...!!! რა იყო აქ აღმოსაჩენი, ერთი გამაგებინეთ! შეიძლება სამოქალაქო პირებისთვის ეს იყოს საიდუმლო, მაგრამ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ეს ინფო პირველივე დღიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი! სამარცხვინოა... ასე დანგრევა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის!", - წერს დეპუტატი თავის Facebook-გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს შსს-მ განაცხადა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილია წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები. სამინისტრო განცხადებით, სამალავში ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, სუბუტექსი და სხვა.

კომენტარები