დაკავება

შსს-მ ქრთამის აღებისთვის შვიდი რწმუნებული დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის აღების ბრალდებით საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს შვიდი რწმუნებული დააკავა.

მათ შორის არიან: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის რწმუნებული გივი რამაზაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის რწმუნებული ვაჟა არუთინაშვილი, რომლებმაც, შსს-ს ცნობით, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე 100 ჰექტარი მიწისა და მის შემოგარენში არსებული ტყის მასივის იჯარით გაცემის ნებართვის სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღეს 10 000 ლარი.

ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ გურგენიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის რწმუნებული ირაკლი ხირდაევი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის რწმუნებული დავით სუხიაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშას რწმუნებული გელა შიოლაშვილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯის რწმუნებული ჰოვჰანნეს თევანიანი და ქრთამის აღებაში მონაწილე პირი მანველ აბრაგიანი.

შსს-ს განცხადების მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 11-12 ივნისს აღნიშნულმა პირებმა წინასწარი შეთანხმების მიხედვით შეადგინეს და ყალბი ცნობა გასცეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის შესახებ, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით გარკვეული თანხა აიღეს.

"ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება გამოძიება ანალოგიურ და სხვა კორუფციულ სქემებში ჩართული საჯარო მოხელეების მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთობლივად ჩაატარეს.

კომენტარები