საგარეო პოლიტიკა

ფანჯიკიძე პუტინის განცხადებებს პასუხობს

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გუშინ, 11 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ტელეკომპანია Russia Today-სთან მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პუტინი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

ფანჯიკიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობისას საქართველოსაც აქვს წითელი ხაზები, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და კრემლის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება. "ამას საქართველო არასოდეს შეეგუება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა გარკვეულწილად გარკვეულ სფეროებში დათბობისკენ მიდის, ჩვენ ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ეს წითელი ხაზები, რომელიც 6 თვის წინ არსებობდა, დღესაც არსებობს", - აცხადებს ფანჯიკიძე.

მისი თქმით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი გადადგა. "პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა ახლა არ დაწყებულა, მას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მე ვადასტურებ, რომ ჩვენ მივიღებთ ოლიმპიადაში მონაწილეობას და გარდა ამისა, ჩვენც ვხედავთ თანამშრომლობის პოტენციალს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების კუთხით", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

პუტინი ინტერვიუში ამბობს, რომ ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტებიც, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭებაში რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა, მისი აზრით, ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელია, რომ რუსეთი "ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია".

"ეთნიკური კონფლიქტები ასწლეულებია არსებობს და ეს არ შეიძლება საქართველოში არ იცოდნენ", - აცხადებს პუტინი და იქვე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობას მართლაც მოთმინებით უნდა მოეგვარებინა ეთნიკური კონფლიქტები ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. მისი თქმით, ეს ვერ მოხერხდა, რამაც რუსეთი აიძულა "რეაქცია მოეხდინა" განვითარებულ მოვლენებზე და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

 

კომენტარები