დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: არ გვინდა, დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში მარიონეტები ვიყოთ

ტაბულა

არ გვინდა, დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში მარიონეტები ვიყოთ, ჩვენ უკვე გავიჭყლიტეთ ბევრ გეოპოლიტიკურ სტრუქტურასა და ინტერესებს შორის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პოლონურ Warsaw Business Journal-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, 2008 წელს, რუსეთის თავდასხმის დროს, საქართველომ დიდი გაკვეთილი მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ წელს, საქართველო ბრიუსელში NATO-ს სამიტზე იყო მიწვეული, თუმცა "სააკაშვილის გასაკვირად, NATO-ს არ გადავურჩენივართ".

"ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას დღემდე აქვს ურთიერთობა რუსეთთან და მოსკოვთან თანამშრომლობს. არცერთ დასავლურ ქვეყანას არ მივუთითებ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ იმიტომ, რომ 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს. ზოგადად, რუსეთის საკითხთან მიმართებაში ახალი ხელისუფლება უფრო პრაგმატულია, ვიდრე მისი წინამორბედი. ვიცით, რომ რუსეთის გაღიზიანებით ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს უფრო გავურთულებთ მოსკოვთან ჩვენს სასარგებლოდ საუბარს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის განახლების შესაძლებლობა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გახსნილები ვართ დიპლომატიური შესაძლებლობების მოსასინჯად, რათა ახლო მომავალში სიტუაცია გავაუმჯობესოთ. პოლონეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვინც ამ პროცესშია ჩართული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული და ძალიან რთული იქნება რუსი სამხედროების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, რადგან "თუ ერთხელ მოვიდნენ, ძნელი იქნება ვაიძულოთ, ტერიტორია დატოვონ".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დიდ პროგრესს აღწევს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების საკითხში.

"ჩვენი საბოლოო მიზანი ჩვენი ხალხის კეთილდღეობაა. ჩვენს ევროკავშირელ კოლეგებს ვეუბნებით, რომ თუ ევროპაში საქართველოს მჭიდრო ინტეგრაცია დაგვიანებით მოხდება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ ცვლილებების შესრულებას, რასაც ევროკავშირი მოითხოვს ჩვენგან, ისევ და ისევ, ჩვენი და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანია.

უსუფაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზეც ისაუბრა.

"როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ათასობით საჩივარზე რეაგირება დავიწყეთ, რომელთაც მექრთამეობაში, კორუფციასა და კერძო საკუთრების მითვისებაში ედებათ ბრალი, ოპოზიციამ მაშინვე წუწუნი და ისეთი ტერმინების გამოყენება დაიწყო, როგორებიც არის შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა. სინამდვილეში კი, სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლებს მილიონობით დოლარი ჰქონდათ საიდუმლო ანგარიშებზე. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უხეშად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. როდესაც სააკაშვილს თავისი საპრეზიდენტო სასახლის აშენება იმ ადგილას მოუნდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ფლობდა, მიწის გადაცემა უფასოდ მოსთხოვეს. ვიღაც ნიღბიანებმა სასტიკად სცემეს ამ ადამიანს, რადგან მან მედიის საშუალებით განაცხადა, რომ მიწას ართმევდნენ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Warsaw Business Journal-ს განუცხადა, საქართველოს ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლაა. 

"ჩვენ 1 მილიარდი გამოვყავით ბიუჯეტიდან ფერმერებისთვის სპეციალური ფონდების შესაქმნელად. სააკაშვილის დროს ეს თანხები მანიაკურ პროექტებზე იხარჯებოდა, ფერმერები ბედის ანაბარა იყვნენ დარჩენილი. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა, წავახალისოთ უცხოური ინვესტიციები, რომელთაც შეზღუდვები ჰქონდათ წინა ხელისუფლების დროს. მაგალითად, უცხოელ ინვესტორებს მთავრობა უთითებდა, სად აეშენებინათ ესა თუ ის სასტუმრო. სწორედ ამიტომ, ბევრი პროექტი არ დასრულებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, ფული კი ტყუილად დაიხარჯა. ახალი ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს თავისუფლებას სთავაზობს. ჩვენ ასევე გვინდა განვავითაროთ ტურიზმის ინდუსტრია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

კომენტარები